სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    22.12.2017

    იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით ევროპასა და აშშ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ევროკავშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა ამ იდეას არ ეთანხმება.

    საქართველოში კი ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხი არის სენსიტიური თემა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ.

    "ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

    როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე განცხადებით გამოვიდა.

    "ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც, შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენ წინააღმდეგ ხმა, ბევრ თანხას დავზოგავთ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    ამერიკის თუ ევროპის აზრი უნდა გაითვალისწინოს ამ დროს საქართველომ? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): საქართველომ, პირველ რიგში, თავისი პოზიცია უნდა გაითვალისწინოს. იმიტომ, რომ ის არის ძალიან ახლოს "ისლამურ სახელმწიფოსთან", რომელიც ამის გამო ახლა ძალიან გადარეულია. აქედან 400 კილომეტრში არიან. სხვა სახელმწიფოს აღიარება არ არის ჩვენთვის კარგი - კოსოვოს მაგალითი გვაქვს. რაც საქართველოს გამოადგება მომავალში, ისე უნდა მოიქცეს.

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ვფიქრობ, აშშ-ის იმიტომ, რომ იერუსალიმი ისტორიულად ისრაელის დედაქალაქი იყო. ლოგიკა ასეთია და, შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ის პოზიცია.

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): საქართველო არ არის საერთაშორისო სუბიექტი, ამიტომ რთულია, ჩვენმა ქვეყანამ რაღაც გადაწყვიტოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სტრატეგიულ პარტნიორებს. სტრატეგიული პარტნიორი კი ზუსტად ის არის, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მის პოზიციას არ გავითვალისწინებთ, ფინანსურ დახმარებას შეგვიწყვეტს.

    ასე რომ, ცუდ დღეში ვართ - აქედან გამოსავალი არ არის. ტრამპის ახირება განხორციელების ფაზაში გადავიდა. ჩვენ არ ვართ მთავარი მოთამაშე, ამიტომ რასაც გვეტყვის ამერიკა, ისე უნდა მოვიქცეთ.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): ვფიქრობ, მრავალტანჯვაგამოვლილი, უმაღლესი კულტურის მქონე, ბიბლიის ავტორი ერი, რომელმაც მსოფლიოს გზებზე იმაზე მეტი იხეტიალა და განსაცდელი განვლო, რაც კი დედამიწაზე არის, იმსახურებს, დედაქალაქი დაუბრუნდეს. იერუსალიმი სწორედ ის ქალაქია, სადაც არის გოდების კედელი და სადაც ებრაელთა ისტორია დაიწყო.

    სამწუხაროდ, მსოფლიო არ არის ჯერ ისე ცივილიზებულად მოწყობილი, რომ ხალხს თავიანთი ისტორიული ტერიტორიები დაუბრუნდეს, მათ შორის საქართველოსაც ვგულისხმობ. მაგრამ ყოჩაღ აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ეს საკითხი დააყენა. ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, ვინმეს სურს თუ არა, სწორედ იერუსალიმია და მეც ამას ვემხრობი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter