სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    27.11.2017

    ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში", გაჩენილი ხანძრის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით 11 ადამიანია დაღუპული. მათგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სირაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სასტუმროს საევაკუაციო კიბე ვერავითარ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.

    "საევაკუაციო კიბე, რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს მისი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. დანარჩენს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა სირაძემ.

    ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ბათუმის ტრაგიკული ხანძრის გამო? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): "მე ვფიქრობ, ყველა ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქალაქის მერიას და ტექნიკურ სამსახურებს. როცა იბარებ პროექტს, ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო. როცა ყველაფერი მიფუჩეჩებით კეთდება და არაფერია გათვალისწინებული, ეს გარდა დამკვეთისა, ხელისუფლების უპასუხისმგებლობის ბრალია.

    "სამწუხარო ამბავია, ამაზე ტრაგიკული რა უნდა იყოს, ჯანმრთელი ახალგაზრდები შეეწირნენ ამ უპასუხისმგებლო მიფუჩეჩებულ, არაპროფესიონალურად გაკეთებულ საქმეს."

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): "ვერ გეტყვით, თუმცა სავალალოა, რომ კერძო მესაკუთრე აშენებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, მაგრამ არ ასრულებს მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, ამ სასტუმროში ძალიან ბევრი რამ იქნებოდა ხელოვნური მასალისგან გაკეთებული, რაც სწრაფაალებადია.

    "მომხრე ვარ, რომ საქართველოში, თუკი გვაქვს ამბიცია, ტურისტული ქვეყანა ვიყოთ, შემოვიღოთ მკაცრი კონტროლი როგორც სახანძრო სისტემის დაცვის, ისე, ზოგადად, უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ამხელა მსხვერპლი ხუმრობა ხომ არ არის. უნდა მიიღონ კანონი, რომელიც მკაცრად მოითხოვს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გააკონტროლებს ხარისხს, თუ რითი და როგორ შენდება ეს შენობები."

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "იცით რა, ძალიან ბევრი უწყების და მთავრობის. როცა ასეთი რაღაც ხდება, მე აღარ მაინტერესებს, როდის ვის რა შეეშალა. ყველა დამნაშავეა, ვინც არ დაიცვა უსაფრთხოების ზომები, ვინც ყურადღება არ მიაქცია ამ ფაქტს და ა.შ.

    "ყველა დამნაშავეა, როცა ამხელა მსხვერპლია. აქედან გამომდინარე, ყველას პასუხისმგებლობის ამბავია. არ ვიცი, რა ხდება ნორმალურ ქვეყნებში ასეთ დროს, მაგრამ რაღაც რომ ხდება, ეს ვიცი და ჩვენთანაც ველოდები, რა იქნება.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "პირველ ყოვლისა, მისი, ვინც ქვეყანაში უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. როცა ექსპლუატაციაში შედიოდა ეს სასტუმრო, აი, იმის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და შემდგომ მეპატრონის, რომელიც ელემენტარულ უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter