სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    08.11.2017

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრა.

    პეტიციას ათასი მოქალაქე აწერს ხელს, რომელთა განცხადებით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ცვლილებები შრომის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

    "საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება, ასევე - სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნით დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას," - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიციის განხილვა მიზანშეწონილად ჩათვალა და შემდგომი მსჯელობისთვის გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.

    რამდენად პერსპექტიულია სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის ასეთი ფორმულირებით მიღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი გადამწყვეტი არ იქნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თვითონ საზოგადოება უნდა იყოს იმ შეგნების, რომ ამ სახის შევიწროებას ადგილი არ ჰქონდეს, თორემ მარტო კანონით ამის დარეგულირება შეუძლებელი იქნება.

     

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ამ საკითხზე სულ ვფიქრობ მას შემდეგ, რაც საშინელი სკანდალები აგორდა ამასთან დაკავშირებით. სულ მიჩნდება კითხვა, ტყუილად ხომ არ დევნიან-მეთქი იმ კაცს, ყველა უფროსი და პროდიუსერი სექსუალური მანიაკი როგორ აღმოჩნდა? აქამდე ხმას რატომ არ იღებდნენ?! მერე ისე არ მოხდეს, რომ ეს გახდეს ადამიანების დევნის საფუძველი. ამის მეშინია, რის გამოც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ კანონის ამოქმედებას.

     

     მიხეილ ღამიშაშვილი (პოეტი): კანონში თუ ჩაიწერება, ძალიან კარგია, თუმცა ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ისეთი აგრესიულია სექსუალური შევიწროების საკითხების მიმართ, რომ ძალიან მეეჭვება, იმოქმედოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): არა მგონია, ამ კანონმა იმოქმედოს იმიტომ, რომ ვისაც უნდა სექსუალურად ვინმეს შევიწროება, ამას მაინც გააკეთებს და ვისაც უნდა ამის მსხვერპლი იყოს, ის მაინც მსხვერპლი გამოვა. ამიტომ, არა მგონია, ამ კანონის ამოქმდებას რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter