სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    12.07.2017

    გუშინ მთავრობის ადმინისტრაციიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით "ახალი საქართველოს" აქცია-პერფორმანსი გაიმართა. "ახალი საქართველოს" წევრებმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, 400-მეტრიანი თოკი მთავრობის ადმინისტრაციიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე გააბეს.

    "ეს ორი უწყება პასუხისმგებელია, ყველაფერი გააკეთოს, რათა მცოცავი ოკუპაცია საქართველოში შეწყდეს. ეს 400 მეტრია დარჩენილი საქართველოს შუაზე გაჭრამდე," - ამბობს ვაშაძე.

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, მცოცავი ოკუპაცია ყველაზე მტკივნეული საკითხია, რაც შეიძლება ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას აწუხებდეს. მისი თქმით, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად

    შეგახსენებთ, რომ მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთი ფაქტი 4 ივლისს სოფელ ბერშუეთში მოხდა, რის გამოც 10 ჰექტარი ფართობი ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩა. რუსმა სამხედროებმა უკანონო ბანერები ადგილობრივი მცხოვრების - გია ხოდელის ბაღში აღმართეს.

    სოფელ ბერშუეთში მცოცავ ოკუპაციას აქცია მოჰყვა. აქცია თბილისშიც გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.

    როგორ შეიძლება მოახერხოს საქართველომ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი):ეს წლების განმავლობაში იგრძნობა. არც ევროკავშირი, არც ევროპარლამენტი, არც გაერო და არც "ჩვენი პატრონი" ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად თითქმის არაფერს აკეთებენ.

    ახლახან ოცეულის სამიტზე ოცეულის "ბრწყინვალე" შემადგენლობიდან საქართველოს უბედურებაზე ხმა არავის არ ამოუღია. საქართველო განწირული კრავივით მგელს მიუგდეს.

    სწორედ საქართველოს ბედისადმი გულგრილი დამოკიდებულების შედეგია ის გარემოება, რომ რუსეთს ხელები გახსნილი აქვს და ჩვენი ქვეყნის ნელ-ნელა დაპყრობას, საქართველოს სახელმწიფოს გაქრობას ყოველკვირეულად საზღვრის გადმოწევით ცდილობს.

    ჩვენ, ქართველებს, არაფერი არ შეგვიძლია და ტყუილად ნუ დავემდურებით ნურც ბიძინა ივანიშვილს, ნურც კვირიკაშვილს და ნურც ფრთებდაჭრილ საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამჯერად ესენი საქართველოს ბედში ვერაფერს შეცვლიან. ისევ და ისევ ამერიკას თავისი სანქციებით შეუძლია რუსეთის აგრესიის შეჩერება.

     ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):ფაქტია, რომ ხელისუფლება არაადეკვატურია. აუცილებელია გაცილებით მეტი აქტივობა. სანქციებზე ფიქრი ნამდვილად რეალურია და თითქოს უკვე საჭიროცაა უფრო მეტი აქტიურობა დიპლომატიურ ენაზე.

     

     

     

     

     ნუგზარ კვაშალი მომღერალი): მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებით. ისინი ხვდებიან, ნატოსკენ რომ მივდივართ, რუსეთი კი ჩვენსკენ მოდის. ამით გვეუბნება, რომ ნატოში არ შევიდეთ. როგორ ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ ნატოში არავინ არ მიგვიღებს.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთი ჩვენგან პატრონობს, უარი უნდა ვთქვათ. ესენი უარსაც არ ამბობენ და ნატოშიც ვერ შედიან.

    ძალიან ჭკვიანი ადამიანი უნდა დაჯდეს და შეეცადოს სიტუაციის გამოსწორებას მოლაპარაკებით და იმ სარწმუნოებით, რომელიც ერთი გვაქვს. სხვანაირად არ შეიძლება. რუსეთის გარეშე არა მგონია, რაიმე წესიერებას ვეწიოთ. მწარეა ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა.

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): მგონი, ყურადღება ძირითადად ჩვენს შიდა მდგომარეობაზე უნდა გავამახვილოთ. ქვეყანა უნდა დალაგდეს, რაც შინაგანად დიდ სიძლიერეს მოგვცემს. ამის შემდეგ საერთაშორისო სარბიელზეც ძლიერები აღმოვჩნდებით.

     

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): დღეს, პირველ რიგში, ინტენსიურად და ყოველწამს საერთაშორისო ინსტიტუციებში ეს საკითხი უნდა იდგეს. ყველა ბერკეტი, განგაშის ზარი, გაგზავნილი წერილები, ურთიერთობა ეუთოსთან და გაეროსთან ინტენსიური ფორმით უნდა იყოს გამოყენებული.

    სულ ისმის, რომ რუსეთს ვესაუბროთ, რაც მონოტონური, საფუძველს მოკლებული განცხადებებია. ვინ გელაპარაკება, იდიოტივით მარტო ჩვენ ხომ არ ვისაუბრებთ?

    ისრაელმა სამოკავშირეო ხელშეკრულება აშშ-სთან პირდაპირ გააფორმა. წაართვა მას ტერიტორიები? ან თუნდაც ბალტიისპირეთს? აბა, ჩვენ რა, უნიათოები ვართ? ვერავინ ვერაფერს წაგართმევს, თუ პარტნიორულ სიმაღლეზე აღმოჩნდები.

    ოჯახში რა ურთიერთობასაც დააყენებ, ისე წავა შენი ცხოვრება. ასე რომ, ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორ დაიცავს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ერთადერთი გამოსავალი არის საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო ინსტიტუციების ამოქმედება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter