სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    11.07.2017

    საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. პრეზიდენტთან კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობაზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა.

    "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ კონსულტაციების ხელახლა დაწყება ამ ეტაპზე უადგილოა, რადგან კონსტიტუციის ახალი პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მასში ცვლილებები ვეღარ შევა.

    პრეზიდენტის პრესსპიკერმა - ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით მაინც მიიღებს, ეს იქნება კონსენსუსის გარეშე მიღებული დაბალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.

    "7 ივლისს პრეზიდენტის შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსესუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა.

    "ქართული ოცნების" განმარტებით, ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა. სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო," - ამბობს ეკა მიშველაძე.

    რატომ არ სურს "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტთან შეხვედრა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გიგა ნასარიძე (ა.ო "საქართველო არ იყიდება"):  ფაქტია, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად და ხელების გადაგრეხვის მეთოდით ახალი კონსტიტუცია მიიღონ. ეს კონსტიტუცია თავის თავს, ანუ მმართველ ძალას მოარგონ, რათა თავიანთი ყოფა რაც შეიძლება გაიხანგრძლივონ.

    ერთ-ერთი მიზანი ალბათ ის არის, რომ შენიშვნები რეალურად უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა არამარტო საქართველოში, არამედ მის გარეთაც მეგობარი ორგანიზაციების მიერ, ახლა უკვე პრეზიდენტის მხრიდანაც და კიდევ უფრო ნათელი არ მოეფინოს, თუ რა ხიფათს უმზადებს ქართულ სახელმწიფოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

     გია ბუღაძე (მხატვარი):  მგონი, პასუხი ძალიან მარტივია - "ქართული ოცნება" მაინც თავისას გაიტანს. მათთვის პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს. სხვათა შორის, არც ვენეციის კომისია. გამოსავალი არ არის. ვნახოთ, ეს კატასტროფული მდგომარეობა როგორ დამთავრდება.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ამ შემთხვევაში ზუსტად პასუხის გამცემი ვერ ვიქნები. ვფიქრობ, პრეზიდენტმაც თავის დროზე გარკვეული შეცდომა დაუშვა, როდესაც კონსტიტუციის განხილვის პროცესში არ ჩაერთო.

    ამ შეცდომას მოჰყვა ის, რომ სახელისუფლებო პარტია, ასე რომ ვთქვათ, პრეზიდენტზე განაწყენდა, რამაც საბოლოოდ ამ ვითარებამდე მიგვიყვანა. ხელისუფლება კონსტიტუციას მაინც დაამტკიცებს და მიიჩნევს, რომ არ შეხვედრას რამე იურიდიული ძალა აღარ ექნებოდა.

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ერთმანეთში ძალიან რთული კონფლიქტი აქვთ. მათი ურთიერთობის მონიტორინგს არ ვატარებ. თუმცა ეს ურთიერთობა ქვეყნისთვის დამაზიანებელი რომ არის, ფაქტია.

    როდესაც ხალხი ფიქრობს, სამსახური როგორ იშოვონ, რათა ვალები გადაიხადონ, ეს კონსტიტუცია სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. ერთმანეთში რატომ ვერ თანხმდებიან, არ ვიცი.

     

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე):  ერთი რამ ფაქტია - საერთოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ძალიან დიდი ჯგუფი ქვეყნის პრეზიდენტს იგნორირებას უკეთებს.

    იგნორირებას ალბათ იმიტომ უკეთებენ, რომ მიიჩნევენ, რაღაც გარკვეულ შემთხვევებში პრეზიდენტი არ იზიარებს მათ გადაწყვეტილებას, რაც "ქართული ოცნების" გუნდისთვის მიუღებელია. გარკვეული გუნდისთვის, ცხადია, ეს ყველაზე არ ვრცელდება.

    პრეზიდენტის ინსტიტუტი მათთვის არც ისე საინტერესო და მისაღებია. მგონი, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან.

    მისი იგრნორირება, მასთან შეხვედრაზე დიდხანს ფიქრი და, სავარაუდოდ, ბოლოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ წყობაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე ძალიან ცუდად აისახება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter