სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    19.06.2017

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულა. მისივე თქმით, ცვლილებების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

    "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს მიაჩნია, რომ ტელევიზიაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საჭირო.

    "საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და, მეორე მხრივ, ამის საფუძველზე მისი მუშაობა უფრო მოქნილი გახდეს", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის" დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად საჭიროა თუ არა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გოგი თორაძე (რეჟისორი):  რა თქმა უნდა, საჭიროა. რაც თავი მახსოვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელიდან ხელში, მთავრობიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადადიოდა. ვფიქრობდი, კომუნისტური ეპოქის დამთავრების შემდეგ ეს დამთავრდებოდა, მაგრამ იგივე გრძელდება.

    ზემოდან ყოველთვის ირეკება, ყოველთვის რაღაცებს ასრულებენ და ცვლიან. ყოველთვის პრობლემები და მიტინგებია მის გარშემო. ეჭვი მეპარება, რამე გამოკეთდეს. ეჭვი მეპარება, ამ ცვლილებებმა უშველოს. სამწუხაროა ეს ყველაფერი. კარგი იქნება, ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია მათთვის იყოს და არა რამდენიმე ადამიანისთვის.

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "საზ მაუს"-თან დაკავშირებით ცოტა არაობიექტური დამოკიდებულება მაქვს. ეს არ ეხება მარტო იმ ფაქტს, რომ სალომე ჩემი შვილია. ეს არ ეხება იმას, რომ წლები იქ მაქვს გატარებული. ახლაც დიდი სიამოვნებით მინდა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, თუმცა არაფრით ეს საქმე არ გამოდის, არავინ არ მეძახის. არადა, შეიძლება ძალიან წავადგე.

    გულწრფელად მინდა, "საზ მაუში" ყველაფერი დალაგდეს. არა მგონია, საქმე კანონმდებლობაში იყოს. არა მგონია, რამე ცუდი კანონი არსებობდეს. ძალიან კარგად ვიცი წესდება, ყველა კანონი, რომელიც "საზ მაუს" ეხება. კანონი შესანიშნავია. მთავარია, ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ვისაც ამ კანონის აღსრულება ისე უნდა, როგორც საჭიროა.

    ახლა ვუყურებ პროცესს, რომელიც ჩანასახშივე ვერ გაიზარდა. აშკარად ისევ სახელმწიფო ტელევიზია ხდება, რაც ყველაზე გულსატკენია. ყველა ერთად ვუყურებთ პროცესს, რომელზეც გული ძალიან მწყდება.

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): სამწუხაროდ, ახალი ცვლილებების და ახალი მენეჯმენტის ხელში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარისხი, პრაქტიკულად, ნულამდე დაეცა.

    ამის დასტურია თუნდაც ის, რომ პირველი, ვინც მოძებნეს და ბრძოლა გამოუცხადეს, ეს იყო მსოფლიოში დამოუკიდებლობით გამორჩეული მედიასაშუალების, რადიო "თავისუფლების" გიორგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემები.

    აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ცდილობს და, პრაქტიკუად, დასრულებული აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის მტრული კონტროლის გეგმა. ხელისუფლების კონტროლქვეშ არყოფნის ერთადერთი გზა საზოგადოების აქტიურობაა, რეალური ბერკეტების და მექანიზმების შექმნაა.

     რეზო მიშველაძე მწერალი): მგონი, საჭიროა. ტელევიზიას იმისთვის, რომ გამოხატოს საზოგადოებრივი აზრი და იყოს საინტერესო, ვერავითარი პარლამენტური კანონები ვერ უშველის. კანონები ჟურნალისტს თავის გულში თავისი ნიჭიერებით აქვს განსაზღვრული.

    ამიტომ საჭიროა ჟურნალისტების ჯგუფი, რომელთაც გამოცდილება აქვთ და ხალხის გულისხმასაც გრძნობენ. ტელევიზია, რომელსაც დროის შეგრძნება არ აქვს, მკვდარია. ზოგი გადაცემა შეიძლება ბერდებოდეს და საზოგადოებას მოსწყინდეს. ეს გადაცემები უნდა დაიხუროს, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ.

    ამას ნუ განიცდიან, რომ, ვაი, რა უბედურება ხდება, ჟურნალისტურ დემოკრატიას შეუტიესო. არავის არაფრისთვის შეუტევია. უბრალოდ, ვასიკო მაღლაფერიძეს ვურჩევ, თავის თავში იპოვოს ძალა და საზოგადოებრივი ტელევიზია დიდებულად განაახლოს, თორემ ის იქნება უკან მიდევნებული ლამპარი ჩვენი საზოგადოებისთვის.

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): ვფიქრობ, რომ კი. ოღონდ საკადრო ცვლილებები ქვედა რგოლებს: ოპერატორებს, გადაცემის რედაქტორებს და წამყვანებს არ უნდა ეხებოდეს. უნდა ეხებოდეს იმას, ვინც ესა თუ ის გადაცემა მიიღო, რომელმაც ვერ გაამართლა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter