სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    14.06.2017

    პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. რამდენიმე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია ასახული.

    როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განმარტა, მზადდება და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდება ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იქნება.

    მისივე განცხადებით, მასში კომპლექსურად იქნება ასახული, ერთი მხრივ, ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ზრუნვისა და მკურნალობის პოლიტიკა, მეორე მხრივ კი, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის გამკაცრება და უკომპრომისო ბრძოლა.

    ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინა პლანზე წამოწევა უკავშირდება თუ არა "ბირჟა მაფიის" საქმეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): ნარკოპოლიტიკაზე საუბარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გრანტებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი იოლად გადასაწყვეტი არ არის.

     

     

     

     

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): გარკვეულწილად და ნაწილობრივ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ამ სფეროში სერიოზული პიროვნება გვჭირდება, რადგან ის, რასაც აკეთებს "გირჩი", არა მარტო ნარკოკუთხით, არამედ სერიოზულად მისახედია.

    მარიხუანა არის პირველი კლასი, რომლის იქით ბევრი ტაბია. ანუ, ადამიანს თუ უნდა ნარკოტიკში ჩართვა, ზუსტად მარიხუანით უნდა დაიწყოს.

    ჩვენ დავუშვათ პირველი კლასი? ჩვენ ბავშვებს ამ სფეროში ჩართვა დავაწყებინოთ? შემდგომ იმ ბავშვს ფსიქიკური მოშლილობები აქვს, ჰალუცინაციები ეწყება, ერთი-ორი წლის მერე მარიხუანის დოზა რომ არ ყოფნის და სხვა დოზაზე გადადის, ამაზე პასუხს ვინ აგებს, "გირჩი"? ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავრობა ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა მიუდგეს.

    არანაირი პროვოკაციული ანტიეროვნული მოქმედებები არ უნდა დაუშვან. მერე ამაზე საუბარი გვიან იქნება.

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ საქმეს არ უკავშირდება. ეს საერთო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხორციელდება.

    საქმე ისაა, რომ ევროპის ქვეყნებში არსებობს მომხმარებელი, რომელიც საავადმყოფოში აღრიცხულია. მომხმარებელი დამნაშავე არ უნდა იყოს და არ უნდა დაიჭირონ, რადგან იგი ავადმყოფების კატეგორიაში გადის.

    მას აღრიცხვა უნდა გაუკეთონ და წამალი მიეწოდოს. რადგან ბევრი რამით ევროპის ქვეყნებს ვუახლოვდებით, ამ მიმართულებითაც წავედით. ამ კუთხით, კალაძის განცხადება და მხარდაჭერა სწორი მიმაჩნია. ამ მხრივ, სახელწმიფოს მიერ მოწესრიგებულ ლიბერალიზაციას მხარს ვუჭერ.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): რეპერების ამბავმა ეს ყველაფერი დააჩქარა. ოპოციზია რომ დიდი ხანია ამ საკითხს აყენებს, ვიცი, თვალყურსაც ვადევნებ. ეს საქმე ადრე რომ განეხილათ, უკეთესი იქნებოდა, რადგან ფაქტია, რომ გადასახედია. ეს ყველაფერი ძალიან მოუვლელია.

    ამ კუთხით პრევენციული ზომები მიღებული არ არის. სულ ვამბობ და არ აქცევენ ყურადღებას, ყოფილი ხელისუფლების დროს, ახლა არ ვიცი როგორ არის, რა პოლიტიკაც იყო, იგივე გრძელდება, ალბათ.

    გარდა იმ ავადმოყოფი ადამიანისა, ვინც ნარკომომხმარებელია, მათი შვილები და ოჯახის წევრები გაუბედურებული იყვნენ. ქუჩაში რჩებოდნენ, რადგან 30 ათასი შეჰქონდათ, რომ ოჯახის წევრი გამოეყვანათ. ცოლები ბინებს ყიდიდნენ. შესაბამისად, მეუღლეები და ბავშვები ქუჩაში რჩებოდნენ.

    ანუ ბავშვი, მომავალი თაობა ზარალდებოდა, რომელსაც ნარკოტიკი არც კი გაუსინჯავს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გადასახედია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს ყველაფერი ნახონ, ევროპის ქვეყნებში როგორ არის. ექიმები, მეცნიერები ჩართონ და საუკეთესო ვარიანტი შეაჯერონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter