სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    13.06.2017

    სააპელაციო სასამართლომ რეპერების ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ცნობისთვის, გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი 9 ივნისს ნარკოტიკის შენახვა-ტარებისთვის დააკავეს და საქალაქო სასამართლომაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    როგორც მაშინ დაკავებულები აცხადებდნენ, რეალურად მათი დაკავების მიზეზი ერთ-ერთი ვიდეოკლიპი გახდა, სადაც პოლიცია გაშარჟებული ჰყავდათ. მათი თქმით, პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკი მათ არ ეკუთვნოდა და ის პოლიციამ ჩაუდო.

    რეპერების მხარდასაჭერად თბილისში მრავალათასიანი აქციაც გაიმართა, ბერა ივანიშვილმა კი სოციალურ ქსელში მათ მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც, მეორე დილას, საქმის გამოძიება თავის თავზე შოთაძის უწყებამ აიღო და მათი დაკავების აუცილებლობაც ვერ ნახა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომაც გაათავისუფლა.

    "გამოკითხვისას ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    როგორ შეაფასებდით პოზიციის ასეთ სწრაფ შეცვლას და მუსიკოსების გათავისუფლებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წამომადგენლებს მიმართა.

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  მათი დაკავება შეცდომა კი არა, დანაშაულია. ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, კლიპების შინაარსის გამო დააკავეს. ამით ხელისუფლებამ გამოხატვის თავისუფლება დაარღვია.

    სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები ისე არ მოიხსენიო, როგორც ხელისუფლებას ესიამოვნება, ამის გამო კი ადამიანი მოგონილი ბრალდებით დააპატიმრო, სისხლის სამართის დანაშაულია. კიდევ კარგი, გონს დროზე მოეგნენ.

    ჯერჯერობით პროკურატურის პოზიციის შეცვლა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ პასუხისმგებლობის დაყენება იმ პირების მიმართ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ვფიქრობ, ძალიან გონივრული ნაბიჯია, რადგან გამქცევი არც ერთი არ არის. საზოგადოებას ანგარიში გაუწიეს. საზოგადოება უფრო დაწვრილებით არგუმენტირებულ ბრალდებებს მოითხოვს. თუ კანონის დამრღვევები არიან, სასჯელი ეკუთვნით, თუ არადა, ეს ერთ-ერთი კარგი ნიმუში იქნება იმისა, რომ ხელისუფლება დიალოგზე მოდის.

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი):  საერთოდ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი დაკავშირებულია იმ ძირითად კრიტერიუმებთან, რაც სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედი კოდექსითაა გაწერილი.

    აყოფილა იმის პრეცედენტი, რომ პროკურატურას სასამართლო პროცესზე პოზიცია შეუცვლია. სულაც არ გამკვირვებია, ვინაიდან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებული პირების პიროვნულ მონაცემებს, მათ საქმიანობას და იმას, რამდენად საშიში არიან.

    მისასალმებელია, რომ მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ მოხდა. როგორც ჩანს, პროკურატურამ სასამართლოში მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი):  რა თქმა უნდა, უკანონოდ დაბრალებას და რაღაცების ჩადებას, თუ ასე მოხდა, არ მივესალმები. სიტყვის, გამოხატვის უფლება ყველას აქვს. შენ შეგიძლია, შემდეგ გააკრიტიკო, მაგრამ ასეთი სახით დასჯა სააკაშვილის მერე ისტორიას უნდა ჩაბარდეს.

    რაც შეეხება ძალიან დიდ გამოსვლას, კარგია, ახალგაზრდობას ასეთი მუხტი რომ აქვს. თუმცა ვისურვებდი, ასეთი ჯანსაღი მუხტი უფრო მამულიშვილური საკითხებისადმი იყოს მიმართული. რატომღაც ბერას წერილის მერე ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი გახდა, ეს საკითხი ივანიშვილების ოჯახის წარმომადგენლის პოზიციამ გადაწყვიტა. არადემოკრატიული ქვეყნებისგან არ განვსხვავდებით.

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  თანხა მებევრება. რა ვიცი, ეს ხალხი კლიპისთვის დასაჭერი არ იყო. პოლიციამ თუ რამე ცუდი ჩაიდინა, პასუხი ნამდვილად უნდა აგოს. მაინც ვერ მივესალმები პოლიციის ასეთი სახით გაშარჟებას. გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ადამიანს "თავზე უქნა".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter