სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (26.12.2016)

    ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და, ასევე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებს ნამდვილად სჭირდება გასწორება.

    "სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. უმთავრესი ამოცანა იქნება კონსტიტუციის გასწორება. ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური სისტემა. ისეთი სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც გაუძლებს დროს. საუბრობენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები ნეგატიურად აღიქმება ჩვენს საზოგადოებაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, ტრადიცია შევცვალოთ, სწორი მიმართულებით წარვმართოთ პროცესები, ერთხელ და სამუდამოდ შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც გაუძლებს დროს, უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არის რესურსი იმისა, რომ სრული კონსენსუსის საფუძველზე გადამუშავდეს კონსტიტუცია. თითოეული ჩვენგანის მონაწილეობას ამ პროცესში ექნება ფასდაუდებელი მნიშვნელობა," - განცხადა კობახიძემ.

    მოელით თუ არა, რომ საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონს გააუმჯობესებს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი):  თუ ვიხელმძღვანელებთ იმით, აქამდე რა ხდებოდა კონსტიტუციასთან მიმართებაში, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, მაშინ დიდი ენთუზიაზმი არ მიჩნდება. თეორიულად შეგვიძლია ვენდოთ, რადგან ახალი თავმჯდომარეა, თითქოს აქტიურად მიდის მუშაობა. მალევე ვნახავთ, რა პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს. მოირგებს ისევ პარტია თავის თავზე კონსტიტუციას თუ მისცემს იმ ფორმას, რაც აქამდე შეელახა. საწყის ეტაპზე მირჩევნია დადებითი მოლოდინი გამოვხატო.

     

     ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი):  სამწუხაროდ, რბილად რომ ვთქვა, არ ვარ დარწმუნებული. რეალურად მოველი, რომ ეს კომისია და მისი უმრავლესობა არა დემოკრატიის, არამედ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას შეასრულებს და მორიგი ნაბიჯი კვლავ ავტორიტარიზმისაკენ გადაიდგმება.

     

     

     

     იური მეჩითოვი  (ფოტოგრაფი):  ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, რა ვთქვა. არ მგონია, სამ თვეში უზენაესი კანონის მოწესრიგება შესაძლებელი იყოს. თანაც, მთავარი ხომ არა მხოლოდ ცვლილება, არამედ ამ კანონის აღსრულებაა, რაშიც გვიჭირს, ამიტომ პასუხის გაცემაც ნამდვილად მიჭირს.

     

     

     

     

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): კონსტიტუცია აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, რადგან ის პარადოქსებით არის სავსე. 2004-2010 წლებში განხორციელებული ცვლილებები ერთ ადამიანზე იყო მორგებული და ყველაფერი ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა. არადა, კონსტიტუციამ საზოგადოების ინტერესები უნდა დაიცვას. ზოგადად ვთვლი, რომ საერთოდ, ახალი კონსტიტუცია უნდა მიგვეღო და არა ცვლილებები შეგვეტანა. მაგრამ, რადგან ასე გადაწყვიტეს, მაშინ ახლა ისე უნდა შეცვალონ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასში ცვლილებები არ შევიდეს, თუმცა ამისთვის მათ ძალიან მცირე დრო აქვთ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (02.01.2017)
    რაც შეეხება კონსტიტუციის ცვლილებას, რათ უნდა ლაპარაკი, როგორც ბიძინა უბრძანებს , ისე მოაკვარახჭინებენ მაგ კონსტიტუციას ბიძოს სასარგებლოდ, თუმცა მაინც არა მგონია რამე გამოუვიდეთ!

    ლი   (02.01.2017)
    გამზარდიას! თურმე რა კარგი ანალიზის უნარი გქონია, არც განათლება გაკლია, მაგრამ მიკვირს რა გინდოდა ჯიდიესზე, რას უმღეროდი ბიძოს, რა დითირამბებს აფრქვევდი ეკრანიდან, მეტად სუბიექტური და მლიქვნელური იყავი, მადლობა ღმერთს, რომ გამოფხიზლდი, გამოხვედი სრული ეიფორიიდან და ჭეშმარიტ აზროვნებას დაუბრუნდი.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter