სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (21.12.2016)

    "ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზრდება" - აცხადებს "ნაცმოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

    მისი თქმით, ეკონომიკაში უაღრესად მძიმე კრიზისული მდგომარეობაა, რაც პირდაპირა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არაკომპეტენტურობასთან არის დაკავშირებული.

    "მთავრობა ახლაც დგამს დიამეტრულად საწინააღმდეგო ნაბიჯებს იმისა, რაც წესით, კრიზისის დროს მთავრობამ უნდა გააკეთოს. ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალია, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზრდება," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

    გადაიზრდება თუ არა ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): რა თქმა უნდა გადაიზრდება, აბა, ამას ვინ მოითმენს. რაც არ უნდა იძახონ ხელისუფლების წარმომადგენლება, რომ ეს კარგია, როგორ არის კარგი, როცა ლარმა 2.70-ს გადააჭარბა. ამას მაინც ნუ იტყვიან, რადგან ხალხი დაცინვად აღიქვამს. გადახედეთ ფასებს, ყველაფერი გაძვირდა, და ეს აუცილებლად გადაიზრდება სოციალურ აფეთქებაში.

     

     

     გია ბუღაძე  (ფერმწერი): როგორ გითხრათ, წესით უნდა გადაიზარდოს, მაგრამ ხალხი ცხვრად არის ქცეული და ლიდერს ელოდება, რომელიც წაუძღვება მათ. მე კი არ მგონია, დღეს ასეთი ლიდერი გამოჩნდეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად ხალხიც გრძნობს, რომ დამნაშავეა, როცა არჩევნებზე გაიყიდნენ. სინდისი და ნამუსი აწუხებს ხალხს, რომ 20 ლარად გაიყიდნენ და ახლა ამიტომაც ვერ გამოდიან, რადგან მათი არჩეულია ეს მთავრობა. ჩვენი საზოგადოება, თუ ამას საზოგადოება ჰქვია, იმსახურებს იმას, რაც დღეს ხდება, რადგან მოსახლეობის უმეტესობა 20 ლარზე გაიყიდა, რაც ძალიან სამწუხაროა.

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  ეს სრულიად ლოგიკური გაგრძელება იქნება. როგორც წესი, იწყება ეკონომიკურიდან და გადადის პოლიტიკურში. ყველა ვერ ერკვევა ეკონომიკაში, ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვიგებთ. შესაძლოა, ისინი სულ არ იყვნენ დამნაშავენი ამ პროცესებში, რადგან მართლაც მოხდა მთელ ევროპაში ძალიან დიდი ძვრები. გვახსოვს საბერძნეთის კრიზისი, მაგრამ როდესაც ბავშვი გეუბნება, რომ მშია, მას ვერ აუხსნი ამ ყველაფერს. ამიტომაც ძალიან ფრთხილად და ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრონ ამ საკითხზე.

    მოსახლეობისთვის ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და კარგიც არის.

     ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): ბუნებრივი პროცესია, ამ მოვლენებზე საპროტესტო ტალღის გაჩენა, რადგან ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და ლარის კურსი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ გაჭირვებას.

    ლარი სხვა დროსაც გაუფასურებულა, მაგრამ ამას ფასებზე დიდად არ უმოქმედია, რადგან ხელისუფლებას არაადეკვატური განცხადებები არ გაუკეთებია. ახლა კი ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომელიც საერთოდ ცდება ყოველგვარ ლოგიკას. რომ თურმე ეს ეკოლოგიის გაჯანსაღებისთვის ხდება, რეალურად კი ჩვენ კარგად ვიცით, რომ საწვავზე ფასის მომატება ელემენტარულად მწვანილზე ზრდის თანხას და ამას თუ ხელისუფლება ვერ აანალიზებს, მაშინ მას მართლაც დროულად სჭირდება საზოგადოებისგან შველა, რომ წაბრძანდეს სახლში და ისწავლოს, რა არის ქვეყნის მართვა და შემდგომ განაცხადოს პრეტენზიები.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (02.01.2017)
    მოგესალმებით რესპოდენტებო, როგორ გამოსულხართ საღათას ძილიდან (ეს არ ეხება რა თქმა უნდა ღირსეულ პიროვნებას, ბატონ ბუღაძეს), დაიწყეთ მიმდინარე მოვლენების მეტ-ნაკლები სიმართლით შეფასება. მართალია, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეკონომიური კრიზისი არ გადაიზრდება პოლიტიკურში (ცაგარელის მსგავსი ნათელმხილველებზე დაყრდნობით), მაგრამ იცოდეთ სრულ კატასტროფას მიიღებთ, დროზე თუ არ შეჩერდით და ხალხის სატკივარს დროულად არ უმკურნალეთ!!!!!! ბიძოს მილიარდებიც არ გიშველით!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter