სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    (19.12.2016)

    ცილისწამება და შეურაცხყოფა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაა. წინადადება საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა ხელყოფს არა მხოლოდ პიროვნების პატივსა და ღირსებას, არამედ ხელს უწყობს მოქალაქეთა ზნეობრივ გადაგვარებას, უწმინდურების დამკვიდრებას და საზოგადოებრიობის დემორალიზაციას.

    სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული პროექტის თანახმად, "წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, - ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით.

    ამავე პროექტში ასევე ნათქვამია, რომ წინასწარი შეცნობით ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა რაიმე უხამსი სიტყვიერი ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭდვითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 000 ლარამდე.

    აგრეთვე ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს მის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში, ან ეროვნული - რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი, ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ისჯება - სამიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 70 000 ლარამდე ჯარიმით.

    გამართლებულია თუ არა ცილისწამებასა და შერაცხყოფაზე კანონის გამკაცრება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

     არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი): "პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცილისწამებასა და რეპუტაციის შელახვაზე კანონში რეგულაცია უკვე არსებობს.

    ერთადერთი, რაც შეიძლება განახლებით მოხდეს, ჩემი აზრით ისაა, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ადამიანის დაცულობა და მორალური კომპენსაცია.

    ვგულისხმობ იმას, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო დავის ფარგლებში გადაწყდეს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რასაც კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს."

     

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "მე არც პარლამენტარი ვარ და არც იურისტი, ამიტომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც სხვას ლაფს ესვრის და შემდეგ ამაზე განზე გამდგარი იცინის და ეს არასწორი მგონია. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ზოგჯერ არც სიმკაცრე ამართლებს.

    "საბოლოოდ მაინც მგონია, რომ ასეთი ადამიანები განათლების დეფიციტს განიცდიან და ამიტომაც ესვრიან სხვას ტალახს. ასეთს რა უნდა მოსთხოვო?! მაგრამ, სხვანაირად თუ არ ესმით, უნდა დავსაჯოთ და კანონიც ამისთვისაა."

     

     ნიკა ქავთარაძე (პროდიუსერი): "ვფიქრობ, ეს ინიციატივა გამართლებული არანაირად არაა. ზოგადად, ასეთი უაზრო კანონი რომც მოქმედებდეს, მაინც არ არსებობს ზღვარი თუ სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება ის, რასაც კანონის ინიციატორები კრძალავენ. შესაბამისად, გამოდის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აზრის გამოხატვის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

    "ჩვენ ვცხოვრობთ და ვაშენებთ თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება ნებისმიერი ფორმით უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ამ ყველაფრის აკრძალვა მხოლოდ უკან წაგვიყვანს."

     

     ნატო გელაშვილი (მომღერალი): "რა გითხრათ, ჩემი აზრით, საქართველოში შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე კანონი საჭირო არც უნდა იყოს, რადგან ქართველებს ყოველთვის გვქონდა იმის უნარი გაუგებრობა ერთმანეთში პირადად გაგვერკვია. რაკიღა ახლა ამაზე საუბარი მიდგა, ესე იგი დაგვიკარგავს ეს უნარი.

    თუ ტყუილსა და კაცის კვლას დამაბრალებენ, ჯარიმა კიდევ მისასალმებელია, მაგრამ პატიმრობას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ცოტა ზედმეტად მეჩვენება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (20.12.2016)
    sajarod rom vinme vinmes mdzime danashaulshi cilsdascamebs, pasuxi namdvilad mkacrad unda agos. adamianis girsebis shelaxva ciliscamebit, zogjer fizikur sheuracyofaze uaresia.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter