სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    14.12.2016

    საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ამჟამინდელი მთავრობა 1 წელსაც ვერ გაძლებს. მან შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მისამართით გააკეთა.

    "რამდენჯერაც თქვენ და ბატონი კვირიკაშვილი განცხადებებს აკეთებთ, ლარი ეცემა და ახალ-ახალ ანტირეკორდს ამყარებს. მინდა გთხოვოთ, რომ აღარანაირი გეგმა, ნაბიჯები, ინიციატივები არ გამოაცხადოთ, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე. ღრმად მწამს, რომ თქვენი მთავრობა 4 წელს კი არა, ერთ წელსაც ვერ გაძლებს წინ ისეთი კრიზისი გველოდება თქვენი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. თუმცა, სანამ ხართ, მინდა გთხოვოთ, რომ განცხადებებს მაინც ნუღა გააკეთებთ, რადგან ძალიან დიდ ზიანს აყენებთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამიტომ, ჩემი კითხვა არის ძალიან მარტივი - ლარის რა კურსზე დატოვებთ თანამდებობას როგორც ფინანსთა მინისტრი?" - მიმართა ჭიაბერაშვილმა ქუმსიშვილს, რომმლაც თავის მხრივ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" სენსიტიურ თემაზე მუდმივი აპელირება პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია.

    "მეტსაც გეტყვით, სახაზინო ოპერაციებით, წლის დასაწყისიდან 260 მილიონი ლარით მეტია ამოღებული ეკონომიკიდან. აქედან გამომდინარე, ამას არანაირად არ გავიზიარებ. რა თქმა უნდა, თქვენთვის დღეს პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია სენსტიურ თემაზე მუდმივი აპელირება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, ვისაც გააჩნია იმდენი ცოდნა, რომ რეალობას მიხვდეს და იცოდეს, რეალურად, რა მოქმედებს ვალუტის კურსზე, როგორ ითვლება და ასევე, შეაფასოს, რომ რეალურად მართლაც ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, რომ ეს დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში შემცირდეს," - განაცხადა ქუმსიშვილმა.

    ლარის რა კურსზე უნდა დატოვოს თანამდებობა ფინანსთა მინისტრმა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლაშა ჩხარტიშვილი  ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): მეტ-ნაკლებად ხელშესახები გეგმა მაინც უნდა არსებობდეს და თუ ამ გეგმას წლის ბოლომდე არ წარმოადგნენ, ფინანსთა მინისტრის კი არა, შეიძლება მთავრობის გადადგომის საკითხიც კი დადგეს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მთავრობა პრობლემის გადასაჭრელად რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს, ან იცოდეს, რა კურსია თავად მათთვის მისაღები და საზოგადოებისთვის ასატანი.

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ამ კითხვით დაშვებულია ის, რომ ლარის კურსი ფინანსთა მინისტრზეა დამოკიდებული, რაც არასწორია. მე ვფიქრობ, რომ ლარის კურსი დიდად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკაზე და პროდუქციის სამომავლო წარმოებაზე, რაც ფინანსთა მინისტრის განკარგულებაში არ არის.

     

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): თანამდებობა უკვე უნდა დატოვოს, იმიტომ, რომ ლარმა დაცემის და გაუფასურების ყველნაირი რეკორდი მოხსნა. მე ასეთი რამ არსად, არასდროს მინახავს.

     

     

     

     

     ირმა სოხაძე  (მომღერალი): არ მგონია, რომ ეს ფინანსთა მინისტრზეა დამოკიდებული. დღესვე რომ წავიდეს, ვინმეს ჰგონია, რომ ლარი დასტაბილურდება?! მე არავის ვიცავ, მაგრამ აქ ბევრი ფაქტორია და ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე მინისტრის დონეზე ხდებოდეს რაღაც. რატომღაც ძალიან მირბის, ალბათ, 3-მდე ავა და მერე ვნახოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც გამოსავალს იპოვნიან. არა მგონია, რომ ამ საქმეს რომელიმე მინისტრის წასვლამ უშველოს.

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  ლარი ისეთი სისწრაფით უფასურდება, რომ აქამდეც უნდა დაეტოვებინა. თუმცა, არც ახლაა გვიან, რომ თანამდებობდა არამარტო ფინანსთა მინისტრმა, არამედ მთლიანად მთავრობამ დატოვოს. ქართულ ეკონომიკას ეს ნამდვილად წაადგება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter