სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    (07.12.2016)

    ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე წერილს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ ორივე ქვეყნის საკითხი სადაცაა მიღებული იქნება.

    მისი ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი ე.წ. "შეჩერების მექანიზმს" განიხილავენ, მაგრამ რაც ამ ფსონზე დევს, ამ პროცესის ფარგლებში გაცილებით მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსის საკითხი.

    "ფსონზე დევს ჩვენი მეზობელი ერების ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები, ასევე ევროკავშირის რეპუტაცია", - წერს დონალდ ტუსკი.

    "მესმის, თუ რატომ ანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ევროპარლამენტის როლს შეჩერების მექანიზმის შემუშავებაში. ასევე შემიძლია გავუგო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ თვითონ გადაწყვიტონ, თუ ვინ გადმოკვეთს მათ საზღვრებს.

    "მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარეს აქვს საკუთარი არგუმენტები და უთუოდ კეთილი ნება, როგორც ჩანს, ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ვფლანგავთ. თუკი ჩვენ ვაპირებთ უვიზო მიმოსვლა რეალობად ვაქციოთ, მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმი უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური.

    "შესაბამისად, თუ ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ჩვენდამი ნდობა, უნდა ვიპოვოთ ამ პრობლემის მოგვარების უფრო რეალისტური, ვიდრე იდეალური გზა.

    "უპატიებელი შეცდომა იქნება, თუ ძალისხმევას არ გამოვიჩენთ ამ პროექტის დასასრულებლად. ჩვენ უბრალოდ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც გვენდო, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ჩვენ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით სწრაფ შეთანხმებას მოვძებნით. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება", - წერს დონალდ ტუსკი.

    როგორ ფიქრობთ რატომ ჭიანურდება დროში ვიზალიბერალიზაცია? - ამ კითხვის საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

     ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "ვფიქრობ, ახლა თავად ევროპა ფიქრის პროცესშია იმ კუთხით, რომ ტრადიციებისკენ წავიდნენ. გარდა ამისა, საკითხავია როგორ სჯობს ჩვენთვის - პასპორტში ვიზა გვქონდეს და საზღვარი უპრობლემოდ გადავლახოთ თუ მესაზღვრის სიმპატია-ანტიპატიაზე ვიყოთ დამოკიდებულნი? ვგონებ, რომ ამ შემთხვევაში სჯობს გარანტირებული გქონდეს ევროპაში საზღვრის გადაკვეთა.

    მე, როგორც ჩემი ქვეყნის მიწის, რელიგიისა და ენის პატრიოტს, მგონია, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში შესაძლოა ამას ქართველების ევროპაში მასობრივად გადინება მოჰყვეს, მერე აქ ვინ დამკვიდრდება? - ყველა ის, ვინც გვეომება.

    ნახეთ რა ხდება, ისედაც შემოსევაა, ვიღაცა უცხოელებზე მიწას აქირავებს, ვიღაც ყიდის და ა.შ. ვიზალიბერალიზაცია მაშინაა კარგი როცა ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე პატრიოტები გავხდებით და გვეცოდინება, რომ სწორედ ჩვენ უნდა დავიცვათ სამშობლო. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ამისთვის შესაბამისად უნდა მოვემზადოთ."

     გია ბაღაშვილი  (მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი): "ვფიქრობ, პროცესის გაჭიანურება თავად იმ კრიზისთანაა დაკავშირებული, რომელიც ევროპას დაატყდა თავს. ვგულისხმობ მიგრაციულ კრიზისს, რომელიც გამოგონილი პრობლემა არ გახლავთ. ესააა ათასობით გაუპატიურებული ევროპელი საკუთარ ქვეყანაში და ამასთანავე კულტურული შეუთავსებლობის პრობლემა.

    მეორე საკითხია ის, რომ ევროპაში მიგრირებულთა რიცხვში ევროპა და ამერიკა დიდი ალბათობით ტერორისტული ქსელის წარმომადგენლებს ხედავდეს და ამაზე მათი სპეცსამსახურები თავადვე საუბრობენ.

    შესაბამისად, საფრთხე საკმაოდ რეალურია და ამის ფონზე, ევროპელები ჩვეული პოლიტკორექტულობით იმ ტიპის მექანიზმის შემუშავებას ცდილობენ, რომლითაც არც მწვადს დაწვავენ და არც შამფურს, რათა პარტნიორებთან ურთიერთობა არ გაიფუჭონ."

     ნელი კობიშვილი (ჟურნალისტი): "ჩემი აზრით, ამ პროცესის გაჭიანურება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველი იმით, რომ ევროპაა თავად მძიმე მდგომარეობაში, რადგან აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილების შემოსევა აქვს. მეორე მხრივ, 50 ათას თურქს დღეს საქართველოს მოქალაქეობა აქვს მიღებული და ეს კიდევ დამატებითი რისკია. გარდა ამისა, მგონია, რომ ამ საკითხის გადაუწყვეტელობაზე ვიღაც მუშაობს. ვგულისხმობ, ჩვენს შიდა მეხუთე კოლონას "ნაციონალური მოძრაობის" სახით, რომლებიც დღემდე ევროკავშირში დათარეშობენ და ამ პროცესს ხელს უშლიან."

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ეს გახლავთ იმ კრიზისის გამოძახილი, რომელიც ევროკავშირში მძვინვარებს. იქნება ეს მიგრაციული, პოლიტიკური თუ სხვა. უბრალოდ ახლა ეს არ მჟღავნდება, კულუარებში რჩება, თორემ ამის დამადასტურებელი მაგალითია დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლა. ამასთან, იტალიაში ჩატარებული რეფერენდუმიც ამაზე მეტყველებს. ასე რომ, ახლა კრიზისი თავად ევროპას გააჩნია და შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციას ისინი ძალიან ერიდებიან, რადგან ამის გამო შესაძლოა საკუთარი მოქალაქეები აუჯანყდნენ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter