ლიკა ამირაშვილი
13.04.2016

საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ამის შესახებ საუბარია ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში სახელწოდებით "ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016".

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული მოვლენები და დღეს არსებული მდგომარეობა.

საქართველოში არსებული მმართველობა შეფასებულია, როგორც "გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი".

ანგარიშის თანახმად, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა და კორუფცია.

ერთადერთი ცვლილება მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით და აქ, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.

როგორ ფიქრობთ, საქართველოში დემოკრატიულობის დონე გაუმჯობესდა, შემცირდა თუ იგივე დარჩა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობასთან შედარებით კი არ გაუმჯობესდა, არამედ ცაშია ასული. თუმცა იმ დონის დემოკრატია, როგორიც ევროპის ქვეყნებშია, ჩვენთან არ არის.

რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ეს ყველაფერი იქნება, ოღონდ მოთმინება გვმართებს. რაც შეეხება ამ ორგანიზაციის კვლევას, მისი კიდევ უფრო მჯერა, ვიდრე იმ ე.წ. ორგანიზაციების, რომლებიც ვისაც როგორ გაუხარდება, ისე უწერენ რეიტინგს.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): კვლევებს მეტნაკლებად უნდა ვენდოთ, რა თქმა უნდა - 100-პროცენტიანი ანალიზის შედეგი არაა, მაგრამ სიმართლესთან ყოველთვის ახლოსაა. ისიც სასიხარულოა, რომ რაღაც მაინც გაუმჯობესდა. ერთ-ერთი უმთავრესია, რომ სასამართლოს დემოკრატიულობა გაუმჯობესდა.

რა თქმა უნდა, რაღაც გაუმჯობესება გვაქვს, თუმცა როგორც საქართველოს მოქალაქე, მეტს ველოდებოდი როგორც დემოკრატიულობის კუთხით, ასევე კეთილდღეობისა და დასაქმების მხრივაც.

 

 სერგო ვადოსანიძე (ისტორიკოსი):  ვიფქრობ, დემოკრატიის დონე გაიზარდა, იმიტომ რომ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ დემოკრატიის გასაზღვრა მარტოოდენ ალტერნატიული ისტიტუტების გამართულ მუშაობაზე არ არის დამოკიდებული.

დემოკრატიის გაზრდა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. გაჭირვებული, გაუბედურებული და ხელგაწვდილი ადამიანი, რომელიც ლუკმაპურისთვის შეიძლება იყოს გასული, დემოკრატიას არ ითხოვს.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): როგორც წესი, ამ გამოკითხვებს ეჭვის თვალით ვუყურებ. უფრო ხშირად მიმაჩნია, რომ აზრის ჩამოყალიბების საშუალებებია, ვიდრე რეალური კვლევები. საერთოდ მიმაჩნია, რომ დემოკრატიაზე საუბარი ქვეყანაში ზედმეტია, სადაც უმეტესობა უმუშევარია. დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა არ არსებობს. ყველა ის საუბარი, რომ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს, სასაცილოა.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე):  დემოკრატიულობის მხრივ მთლად გადასარევად არ ვართ, თუმცა ჩემი სფეროდან გამომდინარე, სიტუაცია ნორმალურადაა გაუმჯობესებული. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემს სფეროშია სიტუაცია გაუმჯობესებული, იმიტომ რომ სხვები უფრო კარგად არიან, ვიდრე დღევანდელი მთავრობის მომხრეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×