ნინო ქეთელაური
12.04.2016

ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.

"ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება", - განაცხადა თიბილოვმა.

მისივე განცხადებით, რეფერენდუმის საკითხი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ კონსტიტუციაში იმ მუხლის შესწორებას მიეძღვნება, რომელიც მომავალში ოკუპირებულ რეგიონს მისცემს შესაძლებლობას, რუსეთს მათ შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართონ.

"ამ ეტაპზე, მსოფლიოში შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ გვინდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი სერიოზული პოლიტიკური რისკების წინაშე დავაყენოთ. ამიტომაც მივედით დასკვნამდე, რომ საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მე-10 მუხლში, რომელიც პრეზიდენტს მისცემს უფლებას, პარლამენტის თანხმობით რუსეთს მიმართოს თხოვნით, განიხილოს მათ შემადგენლობაში შესვლა", - აღნიშნა თიბილოვმა.

ლეონიდ თიბილოვის განცხადებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება.

"ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის და სტანდარტის დარღვევა. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის იგნორირებით განხორციელებული ქმედება და ამას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ისინი რას გადაწყვეტენ, ეგ არ არის მთავარი, მთავარია, მსოფლიო როგორ შეხედავს ამ ყველაფერს. სანამ ლტოლვილები არ დაბრუნდებიან და მთელი მოსახლეობა არ ჩაატარებს რეფერენდუმს, მე ასე მიმამჩნია, რომ არანაირ რეფერენდუმს არ ექნება ძალა არც საქართველოში და არც დანარჩენ მსოფლიოში."

 

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "მე ვფიქრობ, რეფერენდუმის საკითხი ვერ გადაწყვეტს, რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდება თუ არა ე.წ სამხრეთ ოსეთი. თუ ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა უარს იტყვის დამოუკიდებლობაზე, მაშინ ეს ნიშნავს უკან დახევას, რადგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიაჩნია თავი და გამოდის, უარს ამბობს დამოუკიდებლობაზე და რუსეთის ფედერაციის წევრი ხდება.

შესაძლოა, რუსეთის, ან თავად ე.წ სამხრეთ ოსეთის გეგმაა ასეთი, რომ გაერთიანდეს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი და მოხვდნენ ისინი რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ფართო უფლებამოსილების რესპულიკა.

მათ ყველაფერი რუსეთთან საერთო ექნებათ, გარდა პოლიტიკისა, თუმცა ცხადია, ესეც ნიშნავს, რომ ისინი აღარ იქნებიან დამოუკიდებლები. ეს შესაძლოა, არის რუსეთის პასუხი ნატოს გამოწვევებზე."

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ჯერჯერობით ქართული მხარის პასიურობაა თვალშისაცემი. მე წლების განმავლობაში, 2014 წლიდან, ვაცხადებდი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების კუთხით, აქტიური პოზიციის დაკავება საჭიროა. ახლა კიდევ უფრო აქტიური პოზიციის გამოხატვაა საჭირო, რათა არ მოხდეს კიდევ მეტი პრობლემის შექმნა.

ჩვენი მთავრობა არანაირ აქტივობას არ იჩენს და გამორიცხულიც არაფერია. მე მაინც არა მგონია, რომ მიერთების საკითხი დადგეს, თუმცა სიტუაცია რომ გამძაფრდება, ეს ცხადია. იმიტომ, რომ ახლა იწყება კოსმიური შტორმის პერიოდი და აპრილის ბოლომდე ყველანაირი პროვოკაციების ტენდენციები იქნება ძალიან მაღალი.

ეს იქნება რეპეტიცია იმ რთული და დაძაბული პერიოდისა, რომელიც ჩვენ გველოდება მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე."

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "ჩვენს ჯიბრზე ისინი ყველაფერს გააკეთებენ, თუ მანამადე ნაბიჯები არ გადავდგით ერთმანეთის მიმართ. თუ არ გვინდა ამ ტერიტორიის დაკარგვა, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ რამე."

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "როგორ შეიძლება, ისეთ ტერიტორიაზე, საიდანაც ამდენი ქართველია გამოძევებული, რეფერენდუმი ჩატარდეს?! არავითარი ძალა და ლეგიტიმაცია მაგას არ ექნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×