სალომე სარიშვილი
11.04.2016

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, რომელმაც დაკავებამდე 2 დღით ადრე ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ მისი დაკავების შესახებ სანდო წყაროსგან ინფორმირებული წინასწარ იყო.

აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით დაკავებული ლელუაშვილის ვიდეოჩანაწერი ტელევიზიას მისმა მეუღლემ მიაწოდა.

"პროკურატურა ჩემთვის აპირებს ჩამიდოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც მე არ მაქვს. ჩადება შეიძლება მოხდეს მეხსიერების ბარათით, შეიძლება სიდი დისკზე, შეიძლება კომპიუტერი წაიღონ და ჩაიწერონ, ან სულაც კომპიუტერში შეიძლება დისტანციურად ჩაწერონ ასეთი კადრები - ასეთი ტექნიკური საშუალება შესაძლებელია.

"აგრეთვე ცრუ მოწმეების გამოყენებით პროკურატურა აპირებს თითქოსდა მე ეს მასალები მოვიპოვე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, არასოდეს არაფერი არ გადამიღია და არც არაფერი შემინახავს, მითუმეტეს არ გამივრცელებია," - აცხადებს ლელუაშვილი ვიდეომიმართვაში.

გავრცელებული ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად დამაჯერებელია ლელუაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი):"ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მაინც გამოძიებას უნდა დაველოდოთ. თუმცა, მეორე მხრივ, ისმის კითხვა - რამდენადაა პროკურატურა დამოუკიდებელი და თავისუფალი. ცხადია, ამ მხრივ პრობლემები არსებობს, რადგან არ შეიძლება დღეს პროკურატურა დამოუკიდებლად მივიჩნიოთ.

"საბოლოო ჯამში, ალბათ ბატონი ლელუაშვილის ბრალეულობას ან სიმართლეს სასამართლო დაადგენს. ამავდროულად მივიჩნევ, რომ სულაც არაა გამორიცხული, ფარული ჩანაწერები ხელისუფლებას უკავშირდებოდეს.

"აქედან გამომდინარე, არც ისაა გამორიცხული, ვინმეზე და მითუმეტეს, კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე გადაბრალება მომხდარიყო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლელუაშვილს მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონოდა და ამ ვიდეომიმართვით ერთგვარად თავი დაიზღვია.

"რა თქმა უნდა, ორივე ვერსია დასაშვებია, თუმცა, საერთო ჯამში გამოძიების დასრულებამდე წინასწარ რაიმეს თქმა ან შეფასება მაინც რთულია."

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): "ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჩემი პოზიცია მტკიცებითი ვერ იქნება, თუმცა, მოსაზრების დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდება დამაჯერებელია, ვინაიდან შესაძლოა ბრალდებულმა წინასწარ იყნოსოს, რომ მის კვალზეც გადიან და შესაბამისად, ასეთი რაიმეს გაკეთება წინასწარ გათვალოს.

"პირადად ჩემთვის ეს ჩანაწერი არაფრის მომცემია, ისევე როგორც ამ ადამიანის დაკავება ან გასამართლება. რასაკვირველია, ამ ყველაფრისთვის გამოძიება და სასამართლოა საჭირო, სხვა შემთხვევაში ჩემთვის ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა."

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი):"ცხადია, კონკრეტულ გვართან დაკავშირებით არაფერი მაქვს სათქმელი, თუმცა, ხელისუფლებაში გარკვეულ გარიგებებზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვსაუბრობდი. ახლაც იგივეს თქმა შემიძლია - ეჭვიც არ მეპარება, რომ ბინძური გარიგებები ხელისუფლებაში, მათ შორის ასეთ საქმეებში ისევ გრძელდება და სახელსა და გვარს უკვე მნიშვნელობა არ აქვს."

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "წინაწარ ვიდეომიმართვის გაკეთება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მანამდე უამრავი ინტერვიუ ვნახეთ, სადაც კონკრეტულ შანტაჟზე და ვიდეოების ატვირთვაზე მაღალჩინოსნები საუბრობდნენ. ამდენად, მან წინასწარ იცოდა, რომ მასაც მიადგებოდნენ და ეს გარდაუვალი პროცესი იყო.

"კუდ-ში ნამუშევარმა ადამიანმა როგორ უნდა მოატყუოს ვინმე, ეს კიდევ საკითხავია. ისიც გამოსარკვევია, როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეო სხვის ხელში."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×