ლიკა ამირაშვილი
09.04.2016

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულა. იგი ყვება, რომ რამიშვილის მხრიდან აღნიშნულ ქმედებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რის გამოც ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"მე ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც მე იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა. ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში", - განაცხადა თათია სამხარაძემ.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი, რომელიც ამჟამად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზას გადის.

თავად ბრალდებების ადრესატი ბრალდებებს უარყოფს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგანაც ახსნა-განმარტებებს ითხოვს მის გათავისუფლებსთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის დანაშაულზე საქართველოს კანონმდებლობაში არაფერია ნათქვამი.

თქვენი აზრით, უნდა გახდეს თუ არა სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამინებს მიმართა.

 ქეთი ბექაური  იურისტი): "ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს, იმიტომ, რომ როგორც არასამთავრობო სექტორისგან არის ცნობილი და ზოგადად ქალების მიმართ სექსუალური ძალადობა პირველი შემთხვევა არ არის. რა თქმა უნდა, ჯერ ფაქტი უნდა დადგინდეს, მართლა მოხდა თუ არა.

"ზოგადად კანონის გამკაცრების მომხრე არ ვარ. საერთოდ მიმაჩნია, რომ კანონი ჰუმანური უნდა იყოს. თუმცა, ასეთ სიტუაციაში მარტო შრომითი კოდექსით და მორალური კუთხით არ უნდა შემოიფარგლებოდეს ამ საკითხის გადაჭრა. ვფიქრობ, რეგულაცია უნდა იყოს მოფიქრებული და ცუდი არ იქნება თუ დეფინიცია ჩაიდება.

"რაც შეეხება იმას, რომ ნებისმიერი კომპლიმენტი შესაძლოა, ჩაითვალოს სექსუალურ ძალადობად, ეს ასე არ იქნება, იმიტომ, რომ ნებისმიერი ქმედება დანაშაულად არ ითვლება და მას თავისი ნიშნები გააჩნია. ამ ნიშნების გარჩევაში კი უკვე სამართლდამცავები ჩაერთვებიან. ამიტომ მომხრე ვარ რეგულაცია გატარდეს. უნდა არსებობდეს რაიმე შემაკავებელი რეგულაცია კანონის დონეზე."

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): "ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. განვითარებულ ქვეყნებში ეს კანონმდებლობა არსებობს. საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით აშშ-ში. პრინციპში ალბათ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან დიდი სირთულეები ექნება, რადგან სხვა მენტალიტეტია და სხვა კულტურაა, თითოეულ მოძრაობაში სხვა ურთიერთობაა.

"პრინციპული ამბავია, რომ არცერთ შემთხვევაში ქალი არ უნდა გახდეს ამგვარი ძალადობისა თუ მინიშნების მსხვერპლი. რაც მთავარია, ქალი იქნება თუ კაცი, ადამიანის ღირსება დაცული უნდა იყოს."

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "ამგვარი საქმე თუ სასამართლოში წავა, მოსამართლეს უფლება აქვს, რომ კანონი იმგვარად განმარტოს, რომ დაზარალებულის უფლებებიც დაცული იყოს. თუმცა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება რეფორმაზე საუბარი, რომ განმარტება უფრო გაფართოვდეს და დაცვის უფრო მეტი გარანტიები იყოს მიღწეული.

"ერთის მხრივ სამოსამართლეო ინტერპრეტაციის საკითხიცაა და მეორეს მხრივ უფლებადამცველების მხრიდან შესაძლებელია აქცენტები იმაზეც გაკეთდეს, თუ როგორ იქნას კანონმდებლობაში ცვლილები შეტანილი ისე, რომ დაცვის გარანტიები უფრო სრულყოფილად გვქონდეს წარმოდგენილი.

"ჩემი აზრით, კანონში თუ უკეთესი გარანტიების ჩადება გვინდა, შესაძლებელია, რომ დაბალანსებული მიდგომა შევიმუშაოთ და არც ერთი მხარე არ იყოს დაჩაგრული."

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ეს ყველაფერი მარაზმამდე დადის. მაშინ კანონში ისიც ჩაიწეროს, პირველ ღამეს ცოლ-ქმარს შორის რა უნდა მოხდეს. ბოლოს და ბოლოს სირცხვილია. ე.წ. არასამთავრობოები ფულის კეთებისათვის ყველაფერს კადრულობენ. ზოგიერთი ე.წ. ჟურნალისტები კი, იმისათვის, რომ თავიანთ თავს პიარი გაუკეთონ, ყველაფერ კადრულობენ. "რასაც ჩვენი ტელევიზიები აფიშირებას უკეთებს, სირცხვილია. სიტყვები ვერ მომიძებნია ამ ხალხის საქციელის ასახსნელად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×