ნინო ქეთელაური
08.04.2016

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებამ საზოგადობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ განკარგულება ან პრეზიდენტმა უნდა გაითხოვოს, ან პრემიერმა შენიშვნების გათვალისწინებით, ხელი არ მოაწეროს. მათი განმარტებით, 6 თვე წინასაარჩევოდ ზედმეტად დიდი დროა და აღნიშნული განკარგულება არც კანონთან მოდის თანხვედრაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, უმრავლესობის წევრი დეპუტატების ნაწილიც ეთანხმება. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდება, 24-საათში ორგანული კანონით - "საარჩევნო კოდექსით" დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება.

"თუ ეს აქტი გამოქვეყნდება 7 აპრილს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანული კანონით "სარჩევნო კოდექსით" გათვალისწინებული შეზღუდვები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ამ შემთხვევაში უპირატესობა ორგანული კანონით არსებულ მოთხოვნებს ენიჭება და არა "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონით დადგენილ წესს, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია თავისი ბრძანებულების გამოცემისას მისი ამოქმედების სხვა თარიღი მიუთითოს.

"ამ შემთხვევაში ვიღებთ წინააღმდეგობას, კოლიზიას და კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ორგანულ კანონს ენიჭება. ყველას მოვუწოდებ, გამოქვეყნებისა და ამოქმედების თარიღი დაემთხვას ერთმანეთს და შესაბამისი აქტი მოგვიანებით გამოიცეს - იქნება ეს მაისის, თუ ივნისის თვე, მაგრამ გამოიცეს მაშინ, როცა მისი გამოქვეყნება, ამოქმედება და საარჩევნო შეზღუდვების ძალაში შესვლა ერთმანეთთან სინქრონიზებული იქნება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს თუ არა ხელი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "თუ კანონში წერია, რომ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნების თარიღი და პრემიერმა ხელი მოაწეროს, მაშინ ასეც უნდა მოხდეს და აქ დამთავრებულია საკითხი. არასამთავრობოები ვინ არიან და რას ითხოვენ? მე ვიცი ხალხი და მათი მოთხოვნები. თუ კანონით პრეზიდენტს აქვს ამის უფლება, რატომღა ისმება ეს საკითხი?!"

 

 

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "მე საერთოდ ვერ გავიგე, რაშია კაზუსი?! იმაში, რომ არჩვნების თარიღი ისედაც ვიცოდით და ეს დაზუსტდა, თუ იმაში, რომ 6 თვით ადრე არ შეიძლებოდა?! რა ხდება, ცოტა გაუკვევლობაში ვარ.

როგორც ჩანს, თავად კანონშია უზუსტობა და აქ არც პრეზიდენტი და არც პრემიერი არაფერ შუაშია. თუ ორი ნორმატიული აქტი არსებობს, მაშინ რომელიც უფრო მაღლა მდგომია, იმ კანონით უნდა განისაზღვროს.

მთელი დღეა ვისმენ ამ თემის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და ძალიან დაბნეული ვარ, თუ არ შეიძლებოდა, რატომ გამოცხადდა 6 თვით ადრე და თუ შეიძლებოდა, რატომაა ეს ამბავი ატეხილი, ვერ ვხვდები."

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "ზოგიერთმა შარიანმა პოლიტიკოსმა იქნებ იმაზეც ატეხოს დავა, მარჯვენა ხელით მოაწეროს პრემიერმა ხელი, თუ მარცხენათი. ეს არის გამოგონილი პრეტენზია. ჯერ ერთი, სანამ პრეზიდენტი არჩევნების თარიღს დანიშნავდა, ის პრემიერ-მინისტრს მოეთათბირა.

მე ვერავითარ უკანონობას ვერ ვხედავ იმაში, რომ 8 ოქტომბერს იყოს არჩევნები და ეს გამოცხადდეს 6 თვით ადრე. 6 თვე კი არა, 2 წელია საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ჩვენ ხომ არჩვნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ და არჩევნების ქვეყანა ვართ. მთელი ჩვენი ვნებათაღელვა არჩევნებზე მოდის და იყოს, ითამაშოს ხალხმა არჩევნებობანა, რა არის ამაში ცუდი?!"

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება): "არ ვიცი, ვინ რა მიზნით მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ უკან გაიტანოს განკარგულება, ანდა პრემიერს, რომ ხელი არ მოაწეროს, მაგრამ პრეზიდენტმა გამოაცხადა არჩევნების დღე, რაც ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო.

თუ სწორად მახსოვს, კანონმდებლობაშიც ასე წერია და ახლა უკან დახევა, განცხადების უკან წაღება, ხელის არ მოწერა - ბავშვურ თამაშს მაგონებს ეს ყველაფერი. თუ გამოცხადდა, მივყვეთ წესებს და კანონებს, სახლობანას თამაშს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას, თორემ ძალიან მალე, შესაბამის შედეგებსაც მივიღებთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×