ნინო ქეთელაური
07.04.2016

პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანამიმდევრულად წარიმართა, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ნაწილი კი თვლის, რომ არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებით, არანაირი კანონი არ დარღვეულა.

აღნიშნულ საკითხს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რომ წინასაარჩევნო პროცესისი 8 აგვისტოს დაწყებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტებები გააკეთონ.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება კალენდარული წლის ოქტომბერში, ხოლო არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

"პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" ოფიციალურ განცხადებაში, სადაც განმარტებულია, რომ კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა, ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ქვეყნდება, რა დროიდანაც იწყება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესი.

აღნიშნულ საკითხს მალევე პრეზინდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა, სადაც განმარტეს, რომ არჩევნების 6 თვით ადრე გამოცხადება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკური გარემო უფრო ადრე ყოფილიყო პროგნოზირებადი და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის უკეთ დაეგეგმვის საშუალება ჰქონოდათ. ადმინისტრაციის განცხადებითვე, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.

გამართლებულია თუ არა არჩევნების თარიღის არჩევნებამდე 6 თვით ადრე გამოცხადება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): "კონსტუტუციას თუ არ არღვევს, მაშინ მისაღებია. ყველამ ვიცოდით, რომ არჩვენები ოქტომბერში უნდა ყოფილიყო და ეს იურიდიული კაზუისტიკა უფროა. ამაზე მეტად ის მაწუხებს, რომ საერთოდ არაფერი შეცვალეს - არც საარჩევნო გარემო და არც საარჩენო კანონმდებლობა. ეს არის მთავარი და არა ის, რამდენი ხნით ადრე გამოცხადდება თარიღი."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა, ამას რა დაანონსება სჭირდებოდა?! მე თუ მკითხავთ, კადრებით დააანონსეს არჩევნების მოახლოება. დიდი ხანია უკვე საარჩევნო რეჟიმი დაიწყო და არჩევნებს როდიდან გამოაცხადებენ, დიდი ნიშვნელობა აღარ აქვს. "თარიღის გამოცხადებაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხდევავ. ტრაგიკულს ვხედავ ფორმებში. ამაზე უარესი, რაც მოხდა - ინტელექტუალური სიმდაბლე - რაღა უნდა მოხდეს?! "კარგი ის არის, რომ როგორც არასდროს ისეთი სიფრთხილით მივა ამომჩეველი ყუთებთან და ამ ჯერზე არავინ არავის გულისთვის ხმას არ მისცემს. იმიტომ, რომ ამ გუნდს ერთი კაცის გულისთვის მივეცით ხმა და სწორედ ამ გუნდმა არ გაამართლა."

 გოგი თორაძე  რეჟისორი): "ასე ადრე როგორ შეიძლება არჩევნების თარიღის გამოცხადება, მე არ ვიცი. რა საჭიროა ამხელა წინასაარჩევნო პერიოდი?! ახლა ყველა ამ საკითხზე გადაერთვება და პრობლემები დარჩება ისევ ისე. წარმოიდგინეთ, ნახევარი წელი მხოლოდ ეს თემა იტრიალებს ყველგან - ეს არის საშინელება."

 

 

 სერგო ვარდოსანიზე (ისტორიკოსი): "ისეთი პატარა ქყვეყნის, როგორიც ჩვენ ვართ, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრის კულტურულად გადმოცემის უნარი, 6 თვით ადრე ამ რეჟიმზე გადაყვანა საშინელება იქნება. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების თუ საინფორმაციო სივრცის წარმომადგენლები, სენსაციები რომ მიაწოდონ საზოგადოებას, მხოლოდ ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული და ხშირად ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს იღებს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×