ნინო ქეთელაური
05.04.2016

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგეების სამი ტანკი და 30-ზე მეტი სამხედრო გაანადგურა - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, ფრონტის ხაზზე ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

ამის პარალელურად, სომხეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში მათ კიდევ ორი საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათივე თქმით, საერთო ჯამში, სამი უპილოტო თვითმფრინავია განადგურებული.

ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა, ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მოძმე ერების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეაჩერებს ესკალაციას და არ გამოიყვანს ვითარებას კონტროლიდან.

"იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართული შესაბამის პროცესებში, არიან კონტაქტში შესაბამის თანამდებობის პირებთან. ეს არის აუცილებელი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენს სამეზობლოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამ საკითხზე ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და ასე იქნება მომავალშიც", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

როგორ ფიქრობთ, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო საფრთხე ემუქრება თუ არა საქართველოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "კავკასიაში ნებისმიერი ომის პროცესში დაემუქრება საქართველოს საფრთხე. მითუმეტეს, ეს არის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ჩვენ წარმოვადგენთ.

თუ ომი გართულდა, ეს აუცილებლად აისახება საქართველოს როგოც პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ და სოციალურ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ომი შეწყდება, მაგრამ გამორიცხული არც ის არის, რომ უფრო ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს, სადაც გამოჩნდება, ერთი მხრივ, რუსეთი და, მეორე მხრივ, თურქეთი.

მერე უკვე მხოლოდ აზრბაიჯანისა და სომხეთის ომი კი არა, ორი სხვა დიდი დაინტერესებული სახელმწიფოს ომი უფრო იქნება."

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. შესაძლოა, ეს პირდაპირი საფრთხე არ იყოს, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ გარკვეული გართულებები ამას საქართველოშიც მოჰყვება. რამხელა და რა მასშტაბის იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია და ხელისუფლებამ წინასწარ უნდა გათვალოს. ამ კონფლიქტის იგნორირება არაფრით შეიძლება."

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  "თუ ეს კონფლიქტი არ ჩაცხრა და დიპლომატიური მოლაპარაკების გზით არ მოგვარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს საფრთხე ემუქრება."

 

 

 

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "რა თქმა უნდა, თეორიული საფრთხე არსებობს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ სახელმწიფოები, სომხეთი და ზერბაიჯანი არ მყავს მხედველობაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსეთი და თურქეთი სერიოზულად ჩაერთოს კონფლიქტში."

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  "მე მგონია, რომ ღმერთი დაგვიფარავს ამ საფრთხისგან. თორემ, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში სიტუაციაა ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანელები და სომხები ჩვენს ტერიტორიაზეც ცხოვრობენ და კონფლიქტს რომ თავი დავანებოთ, აქაც შეიძლება რამე გამოხმაურება მოჰყვეს. ღმერთმა ქნას, რომ ასე არ მოხდეს და ფართომასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×