ნინო ქეთელაური
04.04.2016

რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში 1-5 ივლისს დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვა, პრობლემა არ შეექმნება - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილია. მასთან შეხვედრაზე საგანგებოდ იყო ჩამოსული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ წარმოგზავნილი დელეგაცია.

"საუბარი და შეხვედრა გვქონდა, ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. როგორც "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლები", ისე სხვა პარტიული ჯგუფების წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, რომ 1-5 ივლისს თბილისში დაგეგმილ მნიშვნელოვან სხდომაზე არ შეიქმნას პრობლემები, მათ შორის რუსეთის დელეგაციის მიღებასთან დაკავშირებით, თუკი ამ დელეგაციაში რომელიმე წევრი ადრე ნამყოფია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ გარანტია იმის შესახებ, რომ რუსულ დელეგაციას პრობლემა არ შეექმნება, მისცა არა კოვალიოვს, არამედ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის დელეგაციებს.

"ერთიც და მეორე "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები არიან. ჩვენ ვატარებთ ესოდენ მნიშვნელოვან ფორუმს საქართველოში და რაც იქნება მომართვა და აუცილებლობა, იმას გავაკეთებთ, მათ შორის, რუსეთის დელეგაციასაც არ შეექმნება საქართველოში პრობლება, ისევე, როგორც რუს ტურისტებს არ შეექმნებათ პრობლემა", - განაცხადა ვოლსკიმ, რომელმაც განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, კანონის შეცვლა ან გამონაკლისის დაშვებაც შესაძლებელია.

როგორ ფიქრობთ, უნდა დაუშვან თუ არა რუსული დელეგაცია თბილისში? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია როინიშვილი (მსახიობი): "ისეთი პოლიტიკით, რასაც დღეს რუსეთი საქართველოს მიმართ ატარებს, არ უნდა დაუშვან. მე არ ვიცი, მერე ეს რამდენად დადებით შედეგს მოიტანს საქართველოსთვის. გააჩნია, რა მოსაზრებებით ჩამობრძანდებიან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ისეთ ეტაპზე, როგორზეც დღეს ვართ, მე პირადად წინააღმდეგი ვიქნებოდი რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის. თუმცა, რთულია, ერთმნიშვნელოვანი პასუხი გქონდეს ამ კითხვაზე."

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  "ეუთოს სხდომა თუ ევროპული და დასავლური სტრუქტურების მხარდაჭერით არის, ჩვენი მხრიდან სისულელე იქნება, რომ არ დავუშვათ ამ სხდომის ჩატარება. მაგრამ ერთია - სხდომის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოსთვის თავზე ხელის გადასმა და დაპირებები, რომელთა 90%-ს რუსეთი არასოდეს ასრულებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. საუბარი უნდა დაიწყოს ასე - შენ, რუსეთო, საქართველოს ტერიტორიის 1/3 გაქვს ოკუპირებული - და შემდეგ გაგრძელდეს საუბარი.

"თუ შევთანმდებით იმაზე, რომ რუსეთს მიტაცებული ქვს საქართველოს ტერიტორია და ახლა თვითონ აფხაზებისა და ოსების ნებით არ ხერხდება საერთველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინ ამ დიალოგიდან ის მოგება მაინც უნდა ვნახოთ, რომ ლტოლვილები თავიანთ სახლებში დააბრუნონ. რუსეთს თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ესაუბრე, სხვა რაზე უნდა ესაუბრო?! თორემ, მე საერთოდ მომხრე ვარ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის, მაგრამ ზემოთ რაც მოგახსენეთ, იმის გათვალისწინებით."

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): "ეუთოს წევრი არის რუსეთიც და თუ გვინდა, რომ სხდომა ჩატარდეს, მისი ყველა წევრი უნდა ჩამოვიდეს, ხომ მართალია? მე ვფიქრობ, ვერაფერს ვიზამთ და რომც ავტეხოთ ერთი ამბავი - რუსეთს არ დავუშვებთო, რამე უფრო ცუდი შედეგი არ მოჰყვეს.

"მეტად დიპლომატები უნდა ვიყოთ და ეს ტრიბუნა კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს, რუსები არიან ოკუპანტები და ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები."

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  "უნდა დაუშვან თუ არა, არ მაქვს პასუხი. ეს ძალიან გლობალური თემაა და ვფიქრობ, აბაშიძის უწყება, პრემიერ-მინისტრი, სხვა სახელმწიფო უწყებები, ვინც წლებია ჩართულია იმ პროცესებში, რასაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ჰქვია, უკეთ გადაწყვეტენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×