ლიკა ამირაშვილი
02.04.2016

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი წევრი, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები დროებითი მინისტრები არიან. როგორც დავით ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იქნებიან თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები მინისტრები არჩევნების შემდეგაც, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

"რა თქმა უნდა, დროებითი მინისტრები არიან. არჩევნების მერე იქნებიან თუ არა ისევ მინისტრები, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. თუ არჩევნებზე წარმატებით გამოვედით, რისი იმედიც აქვს "რესპუბლიკურ პარტიას", მაშინ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს რაღაცაზე. თუ ვერ გამოვედით წარმატებით, ვინც გამოვა წარმატებით, მთავრობას ის დააკომპლექტებს. საპარლამენტო რესპუბლიკის თავისებურება ასეთია, მთავრობას აკომპლექტებს პარლამენტი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ექსპერტ, გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია, როგორ აპირებენ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, "იმ პირობებში, როდესაც სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობები არ ეთმობათ".

თქვენი აზრით, უნდა დარჩნენ თუ არა "რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის ალბათ მოლაპარაკება არსებობს, რაც არარაციონალურად მეჩვენება იმიტომ, რომ "რესპუბლიკელებსა" და "ოცნებას" შორის კამათი დღესვე დაიწყო. ეს კამათი არასასიამოვნოა რიგითი მოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან დაგჭირდეს კანონების მიღება და პარლამენტში სხდომებმა აზრი დაკარგოს.

"რაც შეეხება ადგილებზე დარჩენას, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, როდესაც ალასანიას პარტია გავიდა უმრავლესობიდან, თანამდებობა დაატოვებინეს. რა თქმა უნდა, "რესპუბლიკლების" გამოცდილება გამოსაყენებელია, მაგრამ ასეთი მდგომარეობა პარტიულ ცხოვრებას რამდენად შეესაბამება, არ ვიცი."

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. ახალი არჩევნები მოდის, სადაც ყველანი დამოუკიდებლად გამოვლენ. ჩემი აზრით, ეს ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ძალიან კარგი იქნება, გამოჩნდება, ვის რამდენი მხარდაჭერი ჰყავს.

"რაც შეეხება, უნდა დატოვონ თუ არა თანამდებობები, ჯერ-ჯერობით რომ იმუშაონ კოალიციის რეჟიმში, როგორც მთავრობა იმუშავებს და არჩევნების პერიოდამდე მივლენ, ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი პროცესია, რომელშიც ქვეყანა ვითარდება. ჩემი აზრით, კიდევ ერთი დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია."

 გიგა ნასარიძე  (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "ვფიქრობ, "რესპუბლიკელები" თანამდებობიდან თავისით უნდა წასულიყვნენ, რადგან იმ გაერთიანებიდან გამოვიდნენ, რომელშიც იყვნენ. თუმცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "რესპუბლიკელებს" ადგილები არ ეთმობათ, თუმცა კოალიციიდან გადიან. ეს ცოტა კურიოზულია.

"ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება და ბუნებრივ ჩარჩოებში მოექცევა, ანუ ადამიანები, რომელებიც არ არიან გამარჯვებული ბლოკის წევრები, არ უნდა იყვნენ თანამდებობის წევრები."

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "რა თქმა უნდა, წავიდნენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ასეთი პოლიტიკური შიზოფრენია პირველად მესმის და ვხედავ. აუცილებლად უნდა გადააყენოს და მინისტრები თავისი პარტიიდან შეარჩიოს, თუ უნდა, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი, სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×