გვანცა ღვედაშვილი
01.04.2016

რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26-27 მარტს იმსჯელა და გადაწყვეტილების შესაბამისად, ის კოალიციაში მხოლოდ არჩევნებამდე დარჩება და დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას გააგრძელებენ.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ქართული ოცნებაც" დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

როგორ იმოქმედებს არჩევნებში "ქართული ოცნების" შედეგზე რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ძალიან ძნელია ახლა ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებაზე", თუმცა, ვფიქრობ, რესპუბლიკურ პარტიას ეყოლება თავისი ელექტორატი და ალბათ ფიქრობენ, რომ რომელიმე სხვა ძალასთან იქნებიან კოალიციაში.

როგორც უნდა იმოქმედონ მათ დღეს, ძალიან ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და მათ მიერ ხალხისთვის მიცემული დაპირებები უკვე შესრულებულია და ამომრჩეველი ახლა სწორედ ამის მიხედვით შეაფასებს არჩევნზე პარტიებს და განაჩენსაც ასე გამოიტანენ, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთებულიყო.

 ნატო გელაშვილი (მომღერალი): არ მგონია, "რესპუბლიკელების" გამოსვლამ რაიმე გადაუწყვიტოს "ქართულ ოცნებას". გადამწყვეტი ხმა მათ ნამდვილად არ მიუღიათ მოსვლის დროს. ასე რომ, არ მგონია, "ოცნების" ძირითად ძალას შეადგენდნენ.

მთავარია, ამ ძალის გარდა იყო რეალური ძალა, რომლითაც "ოცნება" გარკვეულ კოზირს შეინარჩუნებს, თორემ "რესპუბლიკელებს" არ აქვთ ის ძალა საზოგადოებაში, რომ რაიმე გადაწყვიტონ. ასე რომ, არ მგონია, ეს რაიმე პრობლემის შემქმნელი იყოს "ქართული ოცნებისთვის".

 ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "ქართულ ოცნებაზე" როგორ აისახება, თუ ხალხზე და საქართველოზე, მე ის უფრო მაინტერესებს, ჩვენს მაცხოვრებლებზე როგორ აისახება ეს ყველაფერი, თორემ "ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს, "რესპუბლიკელებს" - თავისი. ასახვით ეს არჩევნების მერე უნდა აისახოს, თუ როგორ გამოგვადგებიან ჩვენ.

ისინი ხომ ჩვენთვის ზრუნავენ, და ყველაფერს ჩემთვის, შენთვის და საზოგადოებისთვის აკეთებენ და ვნახოთ, არჩევნების შემდეგ როგორ იზრუნებენ. ყველა ქმედება ჩვენზე, საზოგადოებაზე უნდა აისახოს და არა "ქართულ ოცნებაზე".

 დოდო ხუციშვილი (თეატრმცოდნე): ვფიქრობ, არანაირად, რადგან "რესპუბლიკელებს" ყველაზე მეტად აწყობდათ კოალიციაში ყოფნა. "ქართულ ოცნებას" აქვს იმის რესურსი, რომ მოიწვიოს ახალი კადრები.

ამათანავე, ქართველები ვართ იმის ღირსი, დაგვაფასონ და პარლამენტის მომავალმა წევრებმა გაიგონ, რომ ჩვენ შეგვიძლია კარგის და ცუდის დანახვა. შეიძლება მთავრობა უშვებდა გარკვეულ შეცდომებს, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ ეს შეცდომები არ ყოფილა კატასტროფის ტოლფასი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ, მართალია, ძალიან ნელა, მაგრამ ძალიან მტკიცედ წინ მაინც მივიწევთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×