სალომე სარიშვილი
15.02.2016

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის სამუშაოების დასათვალიერებლად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ადგილზე მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა.

"ნაცმოძრაობის" წევრები ივანიშვილს სამუშოების კანონიერად წარმოებისთვის საჭირო დამამტკიცებელ, ოფიციალურ დოკუმენტაციას სთხოვდნენ, რის საპასუხოდაც ექსპრემიერმა განაცხადა, რომ საბუთებს გადაამოწმებდა, მისი არქონის შემთხვევაში კი სამუშაოებს შეაჩერებდა. საბოლოოდ ყოფილმა პრემიერმა ხეების გადარგვის სამუშაოები შეაჩერა, ეს გადაწყვეტილება კი ინფორმაციის გადამოწმების მოტივით ახსნა.

"მანამდე ვაჩერებთ სამუშაოებს, სანამ დოკუმენტაცია წესრიგში არ იქნება. აქვე გპირდებით, რომ ბუნებას კიდევ უფრო უკეთესად აღვადგენთ, ვიდრე იყო. არავითარი დაბინძურებული და დამღადასმული ბუნება აქ არ დარჩება. ერთი ხის ადგილზე მინიმუმ ათს დავრგავთ და პარკს ამით არაფერი არ დააკლდება.

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო. თუ საბუთი არ იქნება შესატყვისი, ამას აქვს კანონიერი გაგრძელება და გავაგრძელებთ კიდეც," - განაცხადა ადგილობრივებთან საუბრისას ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდამცველების, ადგილობრივებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რამდენიმედღიანი პროტესტი ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან გიგანტური ხეების გადარგვას მოჰყვა. ასწლოვანი ხეების გადატანა ციხისძირიდან შეკვეთილში იგეგმება, სადაც ყოფილი პრემიერი ახალი პარკის გაშენებას აპირებს.

აჭარის მთავრობის განცხადებით, პროექტი წვერმაღალას და შეკვეთილის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობას მოიცავს, რისთვისაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხე-მცენარეების გადარგვა იგეგმება.

"უნდა შეეჩერებინა თუ არა ივანიშვილს ხეების გადარგვის სამუშაოები ციხისძირში? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 მარინე მიზანდარი  (ხელონებათმცოდნე):"თუ სწორად მახსოვს, ეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია იყო, სადაც უძველესი და ულამაზესი ხეები დგას. ამ ადგილას კი მსგავსი სახის ქმედება დაუშვებელია. როგორ შეიძლება ასეთი ტიპის რეკრეაციულ ზონაში ხეების ამოღება და გადარგვა? ვის გაუგია მრავალწლიანი ხეების ისეთი ადგილიდან ამოღება, სადაც წლებია ხარობს და მითუფრო სხვაგან გადატანა? აბსურდი და სისულელეა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ამით ეკოლოგიას სერიოზული ზიანი ადგება, ეს დაუშვებელი შემთხვევაა."

 

 ნინო ჩხობაძე (ეკოლოგი): "ზოგადად, ხეების გადარგვა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. განსაკუთრებით კი ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშნელობის პროექტის განხორციელება იგეგმება. ასეთ შემთხვევაში კი თუკი რომელიმე იშვიათი ან ძვრადღირებული ხის განადგურების საშიშროება არსებობს, მისი გადატანა ხდება.

"სამწუხაროდ, საქართველოში ეს პრაქტიკა არ არსებობს, არადა მისი ქონა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

"რაც შეეხება ციხისძირს, ეს დაცული ტერიტორია არაა, არსებობს გაველურებულად გაზრდილი ხეები, რომელთაც გარკვეული მოვლა სჭირდება.

"როგორც ვიცი, ეს ორი ხე, რომელზეც საუბარია, არ გახლავთ იმ სახეობის, რომელთაც შესაძლოა შემდგომი გადარგვით პრობლემა შეექმნას. თუ გადარგვა სწორად იქნება დაპროექტებული, ეს შესაძლებელია, თუმცა, საამისოდ ტექნოლოგიის შემუშავებაა საჭირო, ეს კი ვინმემ უნდა სცადოს, რათა პრაქტიკა დაინერგოს.

"ამ კონკეტულ შემთხვევაში გადარგვა საზოგადოების აჟიტირების გამო შეაჩერა და ეს მისასალმებელია, თუმცა, ვიტყვი, რომ ამ ხეებს მოვლა სჭირდება."

 ლაშა ჩხარტიშვილი  (ა/ო "დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):"ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, გარკვეულწილად დაგვიანებულიც კი. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი საინფორმაციო ხასიათის არ იქნება და ამასთან ერთად, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ხეების უკანონოდ გადარგვა დაიწყო.

"ზოგადად, გადარგვის იდეა არ მომწონს. გასარკვევია ისიც, თუ რამდენად ითვალისწინებს ამას მოქმედი კანონმდებლობა. ის, რომ პროცედურები დარღვეული იყო, ივანიშვილის ამ გადაწყეტილებითაც დადასტურდა. ვფიქრობ, ამაზე რეაგირება პასუხისმგებელ პირებს უფრო უნდა მოეხდინათ, ვიდრე თავად ივანიშვილს."

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):"რამდენადაც ვიცი, მან ეს გადაწყვეტილება ვითარებაში უკეთ გარკვევისა და საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმების მიზნით მიიღო. თუ კანონით აკეთებს ამას, არ მესმის რატომ უნდა შეაჩეროს სამუშაო, მაგრამ თუ ეს ნაბიჯი საზოგადოების ეჭვის გასაფანტად გადადგას, რა თქმა უნდა, მისასალმებელია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×