ლიკა ამირაშვილი
12.02.2016

"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

გაჩეჩილაძის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება "ყველაზე ცოტა, ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და მისი "მეგობრის" - პრემიერ-მინისტრის გარეშე" არ იქნებოდა მიღებული.

თქვენი აზრით, არის თუ არა ჩარეული მთავრობა "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე დავაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): მთავრობა რა გითხრათ, მაგრამ ხელისუფლება ჩართულია. მთავრობა ძალიან ზოგადი ცნებაა. რა თქმა უნდა, კონკრეტული არგუმენტები ხელთ არ მაქვს, მაგრამ ტელევიზიები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ პოლიტიკური ძალის გარეშე "მაესტროს" ირგვლის პროცესები არ ვითარდება. ასეთია ჩემი ხედვა.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ამ დავაში არ ვფიქრობ, რომ ვინმე ჩართულია, გარდა იმ ორი სამართლებრივი სუბიექტისა, რომლებიც ადვოკატებით არიან წარმოდგენილი. ეს ჩანს კიდევაც იმ მოქმედებით, რაც საჯარო რეესტრმა განახორციელა. მან დარეგისტრირებაზე უარი უთხრა და სასამართლოს დაელოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას მნიშვნელობა სამართლებრივ გადაწყვეტილებას ენიჭება. ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს და მის გადაწყვეტილებას სცეს პატივი.

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  ამაზე პასუხი არ მაქვს, არ ვიცი, თუმცა კერძო დავას უფრო ჰგავს. ხელისუფლება თუ ჩარეულია, ძალიან ცუდი იქნება. წესით, ჩარეული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მას დაინტერესება არ უნდა ჰქონდეს. ყველაფრის ხელისუფლებისთვის დაბრალება არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ ეს კერძო დავას უფრო ჰგავს.

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): კარგად ჩანს, რომ ამ პროცესებში ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული. როდესაც პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან ერთ კვირაში მასთან დაკავშირებული ადამიანები ტელევიზიების ხელში ჩასაგდებად ძალიან გააქტიურდებიან, ეს იმას მიუთითებს, რომ ხელისუფლება ამ ამბებში აქტიურადაა ჩართული.

იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება ბევრჯერ არის შემჩნეული ტელევიზიებთან დაკავშირებულ ამბებში, მაშინ იმის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება, რომ "მაესტროსთან" დაკავშირებულ ამბებშიც ჩართულია. რომელი მხარე ჩაიგდებს ტელევიზიას და ვინ ასიამოვნებს ბატონ ბიძინას, აი, ამაზე მიდის დავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×