ლიკა ამირაშვილი
11.02.2016

საქართველოს დასავლური ორიენტაციიდან არასდროს გადაუხვევია, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.

როგორც ბესელია ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, ამ მხრივ კითხვები საქართველოს არც ერთ პარტნიორ ქვეყანას, მათ შორის არც აშშ-ს არ უჩნდება.

"არასოდეს, არც ერთ ევროპულ სტრუქტურას და ჩვენს არც ერთ ევროპელ მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას არ უთქვამს, რომ საქართველომ გადაუხვია გზას. საქართველოს ყველა ჩვენი ევროპელი თუ დასავლელი პარტნიორი, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ აძლევს ძალიან ღია და მკაფიო, მაღალ შეფასებას, რეფორმებს უჭერს მხრს და არავის ამ მხრივ კითხვები არ უჩნდება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციიდან არასოდეს გადაუხვევია? - ამ კითხვაზე "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ღრმად მწამს, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციიდან ვერავინ ვერ გადაახვევინებს, თუკი საქმე ოკუპაციასთან არ გვექნება. თუკი საქმე ოკუპაციასთან გვექნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ორიენტაციაზე ლაპარაკი არაფერს არ ნიშნავს. სხვა შემთხვევაში ღრმად მწამს, რომ დასავლური ორიენტაციიდან გადახვევა ნაკლებადაა მოსალოდნელი.

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ეკა ბესელიას არაფერში არ ვეთანხმები და ღმერთმა დამიფაროს რამეში ვეთანხმებოდე, უბრალოდ მე ვიცი, რომ საქართველოს ერთადერთი საშუალება დასავლური ორიენტაციაა. ეს იქამდე ვიცოდი, სანამ ეკა ბესელია ამას საერთოდ გაიაზრებდა.

 

 

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): საქართველოს ფასეულობები დასავლურია და დასავლეთისაკენ მიისწრაფვის. საქართველოს გეზი ერთმნიშვნელოვნად დასავლეთისკენ აქვს აღებული. ახლა ვიღაც-ვიღაცები, რუსეთზე რაღაც დადებითს, რომ იტყვიან, ამის პრობლემა არ იქნება. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, რომ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს.

 

 

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"):  ეკა ბესელია იმ კოალიციას წარმოადგენს, სადაც ისეთი პარტიები შედიან, რომელთაც პირდაპირ პრორუსული კურსი აქვთ. მათ ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რომელმაც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ავნო. თუნდაც გაურკვეველი სავიზო რეჟიმების შემოღება და შემდეგ გაუქმება. რეგიონში საფრთხე შეექმნა ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობას მეგობარ ქვეყნებთან, რაც პირდაპირ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. "გაზპრომის" სკანდალი გვახსოვს, რომელიც არავინ იცის როგორ დასრულდა. ამიტომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×