გვანცა ღვედაშვილი
10.02.2016

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

შეკითხვაზე, აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა იქნება თუ არა ცალსახა უარყოფა ერთსქესიანთა ქორწინების, ვოლსკიმ განაცხადა, რომ "დიახ".

"ბოლო პერიოდში გაკეთდა განცხადებები, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება უნდა მოხდეს. ოჯახი წარმოადგენს ქალის და მამაკაცის ერთობას და ზუსტად ის ფორმულირება, რომელიც არსებობს სამოქალაქო კოდექსში, საკონსტიტუციო ნორმად უნდა გადავიდეს.

"ჩვენ ამის თაობაზე შარშან დავიწყეთ საუბარი. დღეს მზად გვაქვს პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ყველას ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი რადიკალიზმისგან, ზედმეტი განცხადებებისა და ამ თემის გამწვავებისგან. ამას სჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და დღეს თუ ხვალ ნახავს დღის სინათლეს.

"ბევრი ევროპული ქვეყანა სწორედაც რომ ასეთი სტანდარტით სარგებლობს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. არსებობს ქვეყნები, სადაც არ არსებობს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და არსებობს ზოგ ქვეყანაში დაშვებულობაც და ამისგან არავინ ქმნის დაძაბულობას", - განაცხადა ვოლსკიმ.

"უნდა განისაზღვროს თუ არა კონსტიტუციით, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა?" - ამ კითხვით "რეზონანსმა საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "რა თქმა უნდა, რადგან იმ დღეს ტელევიზორში ამ საკითხის განხილვა იყო და ისე მომეშალა ნერვები, რომ არ ვიცი.

მე მყავს არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები, რომლებიც გადასარევი ადამიანები არიან. არც ერთი მათგანისგან არ გამიგია, რომ, ნუცა, გამოდი და მხარი დამიჭირე, რომ ჩემი მეგობარი კაცი ცოლად მოვიყვანოო. არც ერთს არ გამოუთქვამს მსგავსი აზრი. ეს გრანტიჭამიები ვინ არიან, არ ვიცი.

ბავშვი რომ აიყვანონ მერე, როცა "ბედნიერ ოჯახს" შექმნიან, და ბავშვს რომ სკოლაში ეტყვიან, ცუდად იქცევი და დედა მოიყვანეო, ვინ უნდა მიიყვანოს, მაინტერესებს.

ამაზე რომ ატყდეს ამბავი, პირველ რიგში, დავდგები მიტინგზე.

თავისუფლება არ აკლიათ, გართობა და მაინცდამაინც ტელევიზორში უნდა გამოჩნდნენ როგორ კოცნიან ერთმანეთს, თუ რა უბედურებაა ეს."

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): "ჩემთვის ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, თუმცა შეიძლება იყოს დაკონკრეტებულიც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ".

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "არ მესმის, დამატებით რატომ არის საჭირო ამის განსაზღვრა. ეს არაფრისმომცემი განმარტება იქნება."

 

 

 

 ლელა ოჩიაური  (თეატრმცოდნე): "ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. რადგან ოჯახი შეიძლება არაოფიციალურად იყოს რეგისტრირებული ნებისმიერ პარტნიორს შორის. კონსტიტუცია უნდა გვაძლევდეს თავისუფალი არჩევანის უფლებას.

თუ ეს პუნქტი ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამას ვერ გავიზიარებ. თუმცა, თუ კონსტიტუციაში შევა სხვა პუნქტი, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ოფიციალურად, ან არაოფიციალურად აღიაროს თავი ოჯახად, მაშინ კი.

თუმცა მომხრე ვარ ადამიანის არჩევანის თავისუფლებას არ ზღუდავდეს არც კონსტიტუცია და არც სხვა რამე კანონი."

 გივი სიხარულიძე  (მსახიობი, პოეტი): "იმას, რაც ღმერთის მიერ არის დაკანონებული, აღარ სჭირდება პატარა კაცუნებისგან რამეს დამატება და ზედმეტი განმარტებების დაწერა. ოჯახი თავად უფლის მიერ არის განსაზღვული და ამ კაცუნების მიერ ზედმეტი განმარტებები საჭირო ნამდვილად აღარ არის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×