ნინო ქეთელაური
09.02.2016

როგორც მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, ბაია გადაბაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ გარიგებები არსებობდა, რომლითაც ირღვევა კანონი კონკურენციის შესახებ. "ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ შპს "სტუდია მაესტროს" 30% წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ბატონი ირაკლი რუხაძე.

"ცნობილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებული ტელეკომპანია "იმედთან" და მის მართვასთან. შესაბამისად, ეს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაა, მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს სტუდია "მაესტროზე" კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ, ეკონომიკურ აგენტს, ტელეკომპანია "იმედს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ხსენებული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ეს ვითარება ფასდება როგორც ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც არ არის თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან და ასევე ამ გზით ხდება სამაუწყებლო სფეროში დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობა.

"ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, ეს არის ურთიერთდამოკიდებულება, "ტელეიმედი" ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს სტუდია "მაესტროს" საწესდებო კაპიტალის წილს. ამ კუთხით ვთხოვთ რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი იძლევა სრულ საფუძველს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარიგებები, რომლითაც ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძისგან გიორგი გაჩეჩილაძემ შეიძინა შპს "სტუდია მაესტროს" წილები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების თანახმად, ეს გარიგებები ფასდება როგორც თვალთმაქცური მართლსაწინააღმდეგო გარიგება.

როგორ ფიქრობთ, ტელეკომპანია "მაესტროს" საქმეზე უნდა დაიწყოს თუ არა მოკვლევა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაირკვეს. მე ვიცი, მამუკა ღლონტმა და გიორგი ებრალიძემ როგორი წვალებითაც დაიწყეს ამ ტელეკომპანიის დაფუძნება. ახლა გადის წლები და ჩნდება ხალხი, რომლებიც ითხოვენ რაღაც წილებს და ტელეკომპანიის სადავეების ხელში აღებას. აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა ხდება ბოლოს და ბოლოს."

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უკეთესია, როგორც საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასევე დემოკრატიული პროცესებისთვის. ახლა სრული გაურკვევლობაა, ვინ ვის და რას ემართლება "მაესტროსთან" დაკავშირებით, პირადად ჩემთვის სრულიად გაურკვეველია. 2012 წლიდან მოყოლებული, დამთხვევები უამრავი ხდება და ახლაც კიდევ ერთი მოხდა, ის, რომ პრემიერ-მინისტრის მეგობრებმა ხელში ჩაგდება დაუპირეს ტელეკომპანიას. ვფიქრობ, აუცილებელია გაირკვეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე."

 

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი):  "გულწრფელად რომ ვთქვა, ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ძიება დაიწყოს, მაგრამ რადგან მედიასაშუალებები, არჩევნები, რაღაცები ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენი საზოგადოება ეჭვებით დაავადებული საზოგადოებაა, ყველაფრის გამოსარიცხად არ იქნებოდა ცუდი, რომ მაქიმალურად გამჭვირვალე იყოს ეს პროცესები და ამის უზრუნველყოფა მოხდეს."

 

 

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი):  "რატომ უნდა დაიწყოს კვლევა? - მე ვერაფერს სამაგისოს ვერ ვხედავ. დღეს რაც პრემიერმა თქვა - მე მჯერა. მე იმასაც ვერავინ დამაჯერებს, რომ გაჩეჩილაძეები მედიაზე რამე ზეწოლას მოახდენენ. მე ბაიასაც კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. მას და გიას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ყოველთვის და აქ უფრო სხვა რამე იკვეთება, ინტერესი აქვს არა ხელისუფლებას, არამედ მეორე ძალას, რომ საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ხელისუფლება რამეში ერევა. არადა, მედია არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი, როგორიც ამ ხელისუფლების პირობებშია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×