სალომე სარიშვილი
06.02.2016

ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ ისევ დაძაბულობაა. არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მისი ამ თანამდებობიდან გადაყენება პოლიტიკურ ინტერსებს უკავშირდება. მისივე თქმით, გაურკვეველია თუ რა მიზნით გადასცა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ არხის ახალ მფლობელს გია გაჩეჩილაძეს თანხა, რომლითაც იგი ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გახდა. გადაბაძე აცხადებს, რომ მას გააჩნია რუხაძისა და გაჩეჩილაძის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლის შესახებაც ორშაბათს ისაუბრებს.

თავად გაჩეჩილაძე კი ამბობს, რომ ამ პროცესის უკან არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს და არხზე რეორგანიზაციას მხოლოდ ტელეკომპანიის რეიტინგის ვარდნით ხსნის.

გაჩეჩილაძემ არც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უარყო, თუმცა თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია და "მაესტროსთან" მას არანაირი კავშირი არ აქვს.

გაჩეჩილაძემ გადაბაძეს ტელეკომპანიაში დარჩენაც შესთავაზა, თუმცა ამაზე კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

რომელი მხარის არგუმენტი მიგაჩნიათ უფრო დამაჯერებლად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "ვფიქრობ, რომ "მაესტროს" რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. ამიტომ გია გაჩეჩილაძეს ვეთანხმები, როცა ამბობს, რომ მისი გაუმჯობესება და რეორგანიზაცია სურს.

"მიკვირს, როცა ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობს, რადგან თუკი "უცნობი" პრემიერ-მინისტრს როგორც მეგობარს ისე ხვდება, მაშინ ქალბატონი ბაია არ უნდა მიდიოდეს და ერთი წუთით მოუცლელ ამერიკის ელჩს "ა"-დან დაწყებული ყველა პუნქტიტ დამთავრებული ყველაფერს არ უნდა უყვებოდეს. რა ჰქვია ამას? რას ნიშნავს პოლიტიკური ინტერესი? ან რა შუაშია ამერიკის ელჩი ამ პროცესთან? ცხადია, გია გაჩეჩილაძის არგუმენტებს დამაჯერებლად მივიჩნევ."

 ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "არც იურისტი ვარ და არც მედიის ექსპერტი, ამიტომ ამ საკითხში კომპეტენტური ვერ ვიქნები. თუმცა, გაჩეჩილაძეებისა ცოტა კი მეეჭვება. რა ვიცი, მეტი რა შემიძლია გითხრათ.

"ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შემიძლია - ამ საკითხში ჩართული ბევრი ადამიანი ჩემი ახლობელია. ამიტომ არ მინდა ვინმეზე რამე არასწორად ვთქვა, ამის არც უფლება მაქვს. სწორედ ამიტომ სჯობს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ."

 მიხეილ ღანიშაშვილი (მწერალი):"წინასაარჩევნოდ ახალი მეპატრონისა და წილების გადანაწილება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ყველაფრის სათავე პოლიტიკური ინტერესებია. ამ ყველაფერს კი არხის რეორგანიზაციასთან და სხვა საკითხებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"მაინც მგონია, რომ კონკრეტული ადამიანები და მფლობელები აქ არაფერ შუაში არიან. ამიტომ ნაკლებად დამაჯერებლად მივიჩნევ იმ მოსაზრებას, რომ გაჩეჩილაძეს არხის რეიტინგის მატება სურთ."

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"პირადად ჩემთვის გაჩეჩილაძეების არგუმენტები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე არხის ყოფილი დირექტორის. გია გაჩეჩილაძე წილის 55%-ს ფლობს, ამიტომ ახლა მისი გადასაწყვეტია რას მოიმოქმედებს ტელევიზიაში და ვის დანიშნავს ახალ დირექტორად.

"რატომღაც თუკი ვინმე მედიის სფეროში მოღვაწე ადამიანს ზედმეტ სიტყვას ეტყვის, ეგრევე პოლიტიკურ ინტერესებზე იწყებენ საუბარს, ეს ანომალიაა. აღშფოთებული ვარ ქალბატონი ბაიას საქციელით, რომელიც თავს კანონსა და წესს ჯიუტად არიდებს. არ შეიძლება ყველაფრით სპეკულაციების მოწყობა, ეს გაუმართლებელია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×