სალომე სარიშვილი
05.02.2016

ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ისევ არ ცხრება. გუშინ "მაესტროში" არხის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე და მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე მივიდნენ.

არხის ყოფილი დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ძმები გაჩეჩილაძეებიც ესწრებოდნენ, მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ გადაბაძე ამ თანამდებობიდან სწორედ გია გაჩეჩილაძემ გადააყენა, მოგვიანებით კი მის შემცვლელად საკუთარი ძმა ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა.

"გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა შემომთავაზეს დავრჩენილიყავი ტელევიზიაში და მემუშავა. მაინტერესებდა მათი კონკრეტული შეთავაზება, რის შემდეგაც მათ მთხოვეს, ჩემს კაბინეტში სასაუბროდ ავსულიყავი. მათ ვერ დამარწმუნეს, რომ ფულის წარმომავლობა არის ქველმოქმედება, რომ ეს არის კეთილი მიზნებისთვის.

"მჯერა, რომ მათ უნდათ კარგი ტელევიზიის გაკეთება და აქვთ კარგი იდეები, თუმცა გამორიცხულია და არ ვეთანხმები იმას, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს აქვს სურვილი დაეხმაროს "მაესტროს." მიმაჩნია, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული", - განაცხადა ბაია გადაბაძემ და აღნიშნა, რომ გაფიცვას დაიწყებს.

ამასთან, "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ იგი მუშაობს გეგმაზე, რომელსაც "მაესტროს" ჟურნალისტებს შესთავაზებს. როგორც ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩევნების წინ "მაესტროს" გარკვეული კონტროლის ქვეშ მოქცევა ხდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვდა თუ არა გია გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე ესაუბრა, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის პრემიერს მართლაც შეხვდა, თუმცა აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი მისი მეგობარია, "ორ დღეში ერთხელ" ხვდება და ამაში გასაკვირი არაფერია.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა, ის ჩემი მეგობარია, ორ დღეში ერთხელ ვხვდები და რა არის პრობლემა? "მაესტროზე" არ გვისაუბრია. სხვა თემებზე იყო საუბარი. მეგობარს და ამხანაგს რაზე ვესაუბრები, ამას მედიას არ ვეტყვი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

"იკვეთება თუ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური ინტერესი?," - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "მართალია, ვითარების არსში კარგად გარკვეული არ ვარ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ინტერესი მართლაც არის. ასე უცბად მედიასაშუალების ირგვლივ ამხელა ამბის ატეხვა ტყუილად არ მოხდებოდა, ეს გამორიცხული მგონია. მითუმეტეს, ისეთი ფეხზემდგარი ტელევიზიის ირგვლივ, როგორიც ტელეკომპანია "მაესტროა."

თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვითარების არსში გარკვეული არ ვარ და ამიტომ სჯობს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, ეჭვი კი, რა თქმა უნდა, არსებობს."

 ლუბა ელიაშვილი (ჟურნალისტი): "ვფიქრობ, მთავარია ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გამჭვირვალე იყოს, დანარჩენს კი დავაკვირდებით, რას და როგორ იტყვიან. თავის დროზე ასეთ სიტუაციაში თავად ვიყავი, რადგან არხის დამფუძნებელი ყოფილი პრემიერის მეუღლე იყო, ამის გამო ძალიან ბევრი საყვედურიც მოვისმინე და ვინერვიულე კიდეც.

ამ შემთხვევაშიც დრო გვიჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან. გამჭვირვალობა მედიის დაცვის ერთადერთი საშუალებაა.

რასაკვირველია, გამოსარკვევია, რა კონტაქტები და ვალდებულებები აქვს ახალ ხელმძღვანელობას ხელისუფლებასთან, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მოვლენების სიზუსტეს სწორედ ის ტელეკომპანია აჩვენებს, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა განკარგავს."

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "არსებობს კი რომელიმე ტელეარხი, რომლის უკანაც პოლიტიკური ინტერესი არ იხატება? - ყველა ტელეკომპანია რაღაცისთვის, ვიღაცისთვის და ვიღაცაზე მუშაობს, ხოლო ეს რაღაც ყველამ ვიცით, რაცაა - არჩევნები მოდის და, ბუნებრივია, დღეს ბრძოლა ამაზეა.

იქაც იგივე ამბავია: რომელი არხი ვის შეეკვრება და ვისთან ერთად იმუშავებს, რათა პარტიის საქმიანობა უკეთ წარმოაჩინოს. აბსოლუტურად ყველა ტელეარხი ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს და ამ შემთხვევაში არც "მაესტრო" იქნება გამონაკლისი. ვინც უნდა მიმტკიცოს, რომ ასე არაა, მაინც არ დავიჯერებ."

 გია კორკოტაშვილი (მსახიობი): "ვიცი, რომ ბაია გადაბაძე ძმებ გაჩეჩილაძეებს ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ მათ ამ საკითხის ერთმანეთში გარკვევაც შეეძლოთ. ჩემი აზრით, ამ ლოგიკით ნებისმიერ თემას შეიძლება პოლიტიკური დაარქვა.

ყოველ შემთხვევაში, გაჩეჩილაძეებს გულწრფელობა ცხოვრების ლაიტმოტივად აქვთ არჩეული და არ მგონია, რომ მათ რაიმეს დამალვა სურდეთ. ამ ადამიანებს წილი ეკუთვნოდათ, რომელიც შემდგომ გაიზარდა. ლოგიკურია, რომ მმართველი პაკეტის მფლობელს უფლება აქვს აირჩიოს დირექტორად ის ადამიანი, რომელიც მათ ტელევიზიას რეიტინგულს გახდის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×