ელზა პაპოშვილი
04.02.2016

გუშინ პარლამენტში გამოსვლისას "მრეწველმა" გოგი თოფაძემ პრეზიდენტს საკმაოდ მწვავე ფორმით შეახსენა, რომ "ქართველ ხალხს ერთი ძალიან კარგი თვისება ახასიათებს - მადლიერება. თქვენ ამ თანამდებობაზე მოხვდით, ალბათ, არც გქონდათ გააზრებული. რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ინიციატორი და უნდა გითხრათ, რომ ეს თქვენ ნამდვილად არ გქონდათ გააზრებული.

"ამის შემდეგ, ალბათ, არ გასულა ერთი თვე, როცა თქვენ უცნაური პოზიცია დაიჭირეთ, დაიწყეთ ხელისუფლების კრიტიკა, ეს კი არ ახასიათებს ქართველ კაცს. მადლიერების გრძნობა არის ჩვენთვის ყველაზე მისაღები და საქები," - განაცხადა თოფაძემ.

არის თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ "დანიშნული"? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (პუბლიცისტი): მარგველაშვილი ივანიშვილის მიერ დანიშნული არ არის, ასე თუ ისე, ის ქართველმა ხალხმა აირჩია. მაგრამ, მართალია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ივანიშვილის რეკომენდაციას. თუმცა მთლად არც ისეა, რომ ქვეყნის მოსახლეობას მარგველაშვილი არ უნდოდეს. მე პირადად მარგველაშვილის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ის არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ უმრავლესობას აამოს. ვფიქრობ, ამიტომაც დაუპირისპირდა მას ივანიშვილი და "ქართული ოცნება". თუმცა მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები პრეზიდენტია.

 იგორ კვესელავა  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): მე ვთვლი, რომ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეული და დანიშნული პრეზიდენტია. მე პირადად, და საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ხმა ივანიშვილის არჩეულ კანდიდატურას მივეცით. ხალხი ენდობოდა ივანიშვილს და ამიტომაც გახდა მარგველაშვილი პრეზიდენტი. მაგრამ მან საპარლამენტო რესპუბლიკაში თავისი ფუნქციები ვერ გაარჩია. ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს. სწორი კურსი ამ მხრივ გიორგი კვირიკაშვილს აქვს აღებული. პრეზიდენტი ვეტომანიით არ უნდა იყოს გატაცებული.

 იური მეჩითოვი  (ფოტოხელოვანი): გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის დანიშნული თუ არა, თავსმოხვეული მაინც არის. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მარგველაშვილის არჩევა ივანიშვილის ავტორიტეტმა განაპირობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია მაინც აქვს.

ის როგორც ივანიშვილის, ასევე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტიცაა. ანუ გარკვეული ბალანსი მაინც არსებობს. ხალხმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს კაცი პრეზიდენტი გამხდარიყო. ასე რომ, მარტო ყოფილი პრემიერის დამსახურებადაც არ შეიძლება, რომ ჩაითვალოს.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): რა თქმა უნდა, მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტია. აბა, მანამდე ვიწრო საზოგადო წრის გარდა ამ კაცს არავინ იცნობდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის არც ერთია მისაღები და არც მეორე. მარგველაშვილი არაფრის გამკეთებელია, უბრალოდ ის ივანიშვილს კონკრეტულ მომენტში დასჭირდა, ხოლო "ცუდად მოქცევის" შემდეგ მისი დისკრედიტაცია დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×