თიკო ოსმანოვა
03.02.2016

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ხდება. კომიტეტზე განხილვისას ჯარიმების დაწესება კანონპროექტში შესწორებები შევიდა და შემდეგი ფორმულირება მიიღო - "პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს".

"მეორე მოსმენისთვის შეგვიძლია დამატებითი კონსულტაციები გავიაროთ იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. თუ ავტორი გარკვეულ კონსულტაციებს გაივლის, კარგი იქნება. ჩვენ კი შევთანხმდით, რომ მარტივი ჩანაწერი მიზნისთვის უფრო უკეთესი იქნება", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.

საჭიროა თუ არა ამ კანონის მიღება?! ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომდგენლებს დაუსვა.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): ეს ისეთი მგრძნობიარე თემაა, რომ ამის შესახებ კანონი აქამდეც უნდა მიეღოთ. არ შეიძლება რელიგიური გრძნობების შეუარაცხყოფა. ეს უნდა გახდეს დასჯადი. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ რელიგიას შეურაცხყოფა მიაყენონ.

 

 

 

 თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): კონკრეტულად მე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას არ შევსწრებივარ, არ ვიცი, ხდება თუ არა, მაგრამ შესაძლოა ხდებოდეს, რადგან სოციალურ ქსელში მინახავს ასეთი სახის გარჩევები. მაგალითად, სასულიერო პირებზე. აქედან გამომდინარე, ალბათ ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

რელიგია, ვფიქრობ, უფრო მორალთან და მრწამსთან არის კავშირში, ადამიანის სულიერი სამყაროა და ამ შემთხვევაში იურიდიულმა კანონმა შესაძლოა ადამიანი უფრო აგრესიული გახადოს და უფრო მეტი ბრძოლა წავიდეს ხილული თუ მალული. ადამიანმა მორალური წესები თვითონ, თავის თავში უნდა დაამკვიდროს.

 ნიკუშა შენგელაია (მხატვარი): ძალიან ტოლერანტულია საქართველო. ამდენი კონფესიის ტაძარი არც ერთ ქვეყანაში არ დგას. ვერ ვხედავ ჩვენთან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. შესაბამისად ამ კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

 

 

 

 

 მაია ბარათაშვილი (მუსიკოსი): არც ერთი რელიგიის შეუარაცხყოფა დაშვებული არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. არ ვიცი, რამდენად საჭიროა ამის კანონით გამყარება, თუმცა, ჩემი აზრით, ამ ადამიანს უნდა აეხსნას, რომ ამის უკან დგას ეთიკის ნორმები. ჩემს განსაკუთრებულ გაღიზიანებს იწვევს, როდესაც შეურაცხყოფენ მართლმადიდებელ სარწმუნებას და ჩვენს პატრიარქს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×