ნინო ქეთელაური
02.02.2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარდგება. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს, როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებს შეეხება.

რაც შეეხება დებატებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები ყველა შემთხვევაში გაიმართება.

"გვაქვს ორი ფორმატი, როცა ფრაქციების წარმომადგენლები გამოდიან პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი ხანგრძლივობით. პარლამენტში 12 ფრაქცია გვაქვს - აქედან შვიდია უმრავლესობაში და ხუთი - უმრავლესობის გარეთ. მეორე შემთხვევაში, თუკი დებატები იქნება, ამას ემატება ჩემი გამოსვლა, ვიცე-სპიკერების გამოსვლა და ფრაქციების გარეთ მყოფი დეპუტატების გამოსვლა. აქაც აჟიოტაჟია ატეხილი, რადგან დებატები ყველა შემთხვევაში იქნება - გამოვა უმრავლესობა, უმცირესობა და თავ-თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორ ფიქრობთ, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ალბათ, პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ჩემი აზრით, ძალიან საშიში ტენდენცია წამოვიდა ლავროვისგან პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, ეს ერთგვარად ჩვეული ხერხია.

პრეზიდენტი ბრძანდებოდა პანკისის ხეობაში და ეს უნდა გაახმაურონ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არანაირი ტერორისტები ჩვენთან არ მზადდებიან.

გარდა ამისა, ეკონომიკის საკითხებია ძალიან მნიშვნელოვანი და უამრავი სხვა საკითხი, რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი. რაც მთავარია, უნდა დათბეს ურთიერთობა ამ ორ ხელისფლებას შორის."

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): "პრეზიდენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ყველა იმ პრობლემაზე, რაც არის ქვეყანაში. ასეთი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა არაფორმალური მმართველობა, საიდანაც გამომდინარეობს პრობლემები ეკონომიკაში, გაურკვეველი ქმედებები ენერგეტიკაში, მთელი ევროპა რომ საუბრობს ჩვენს პოლიტპატიმრებზე, ეს დაძაბული გარემო, პოლარიზებული აზოგადოება და ა.შ."

 

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  "მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის შემოთავაზება, რაც რუსეთიდან წამოვიდა, მოლაპარაკებების შესახებ. ეს ძალიან სერიოზულად უნდა განიხილონ.

ასევე მნიშვნელოვანია სოციალური პრობლემები, ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ ამ დოლარის კურსის გამო, რაც მხოლოდ ჩვენი მთავრობის და სახელმწიფო ბანკის ბრალი არ არის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისევ დადგეს საკითხი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების და რაც მთავარია, იმ ადამიანების რეაბილიტაციის, თუ ქონების დაბრუნების საკითხი. მე ვფიქრობ, ეს სამი ძირითადი თემაა, რუსეთთან ურთიერთობა, სოციალური და ასევე სამართლიანობის აღდგენის საკითხი."

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია. დაწყებული სოციალური საკითხებით, რაც საკმაოდ მძიმეა ქვეყანაში, ასევე თავდაცვისუნარიანობა, სართაშორისო ურთიერთობები, რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ლარის კურსი. ვფიქრობ, ყველა ჩამოთვლილ თემაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×