ნინო ქეთელაური
29.01.2016

ჰააგის სასამართლო 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოიძიებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჰააგის სასამართლო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება პროკურორ ფატუ ბენსუდას დართო.

"მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

მაგალითად, მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა", - წერია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს.

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ჰააგის სასამართლომ დამნაშაავეებად უმაღლესი თანამდებობის პირები ცნოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებს ყველა საშუალება აქვთ იმისა, რომ ეს საუკუნის დანაშაული ობიექტურად გამოიძიონ.

მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, თავისუფალი მწერალი ვარ და ამ საკითხში მიუკერძოებელი კაცი, მაგრამ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ნაციონალისტური ხელისუფლებისადმი (ეს დამოკიდებულება ქვეყნისთვის ცნობილია, რომ არის უარყოფითი, მათ დაღუპვის კარამდე მიიყვანეს საქართველო), ჩემი მონაცემებით ომი დაიწყო რუსეთმა.

კარგი იქნება, თუ ჰააგის სასამართლო ობიექტურად განსჯის და არ აღმოჩნდება მისი ნატოელი, ამერიკელი და ევროკავშირელი პატრონების ტყვეობაში, რადგან საღი აზროვნების გამომძიებლები აუცილებლად მივლენ იმ დასკვნადმე, რომ ომი ნამდვილად რუსეთმა დაიწყო, რომ სწორედ მან დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები და დღემდე დაპყრობილი აქვს.

იქ დაღუპული ბიჭების სისხლი და დარბეული მოსახლეობის ცოდვა სწორედ რუსი ჯარისკაცების კისერზეა."

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ჰააგის სასამართლო, ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ისტორიის მიხედვით, მას სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირები ჰყავს გასამართლებული.

ჩაუშესკუდან დაწყებული, ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერით დამთავრებული, ის სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების საქმეებს იძიებს.

ეს ისეთი კატეგორიის საქმეებია, რომელიც ეხება ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს, ასევე გენოციდს, მასობრივ არეულობას, წამებებს, მკვლელობებს. რაც შეეხება საქართველოს, მე ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს."

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს მაშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვინმე დამნაშავედ ცნოს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რაც მოხდა 2008 წელს.

რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და არა მგონია ამაში რამე დანაშაული მოუძღოდეს საქართველოს მაშინდელ მთავრობას. როდესაც არსებობს აგრესორი სახელმწიფო, აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა ამ ყველაფერში დამნაშავე ვერ იქნება.

იმედია, ყველაფერი გაირკვევა და საბოლოოდ დაესმება სპეკულაციებს წერტილი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად ისმის ხოლმე და საბოლოოდ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, რომ აგრესორი არის აგრესორი და მსხვერპლი არის მსხვერპლი."

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): "სრულიად შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, მაინც არ დააპატიმრებენ და ამაში აზრს ვერ ვხედავ. შესაძლებელია, რომ ცნოს დამნაშავედ, მაგრამ მე ვფიქრობ, ამას უფრო მორალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ის, რომ სასამართლომ ვინმეს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღოს.

ვფიქრობ, ისიც კარგი იქნება, რომ მათ, ვისაც ამაზე უნდა ჰქონდეს რეაქცია, ექნება კიდეც და ვინც დამნაშავეა, ცნობს დამნაშავედ. ამას ჩვენთვის აქვს მორალური მნიშვნელობა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×