თაკო მათეშვილი
28.01.2016

"ვაშინგტონ პოსტმა" საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიულ და სტაბილურ სახელმწიფოდ დაასახელა. "საქართველოს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. იგი რეგიონში ბოლო იმედს წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ეკონომიკურ ვარდნასა და პოლიტიკურ სტაგნაციას განიცდიდა. აშშ-მ და ევროპამ საქართველოში დემოკრატიის დაძვრისა და ეკონომიკის განვითარებისათვის მილიარდები დახარჯეს და თბილისიც, შესაბამისად, მიჰყვებოდა გეგმას," - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

სტატიის ავტორის აზრით, საქართველოს დასავლეთისათვის ზურგი რომ ექცია, ეს დიდი დარტყმა იქნებოდა არა მარტო ქვეყნის დემოკრატიისათვის, არამედ რუსეთს ახლო აღმოსავლეთზე გასასვლელი პირდაპირი დერეფანი ექნებოდა ენერგიის ევრაზიული წყაროებისკენ და რეგიონული დემოკრატიზაციისათვის ყველანაირ მომავალს დაკარგავდა.

"რუსეთის დომინანტობის ქვეშ საქართველო ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, როგორშიც 90-იანებში იყო - უკანონო ვაჭრობა, სამოქალაქო ომი და სხვა," - წერს გამოცემა.

"რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებს დაუსვა კითხვა - რამდენად გაქვთ განცდა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობთ?

 იგორ კვესელავა  (ისტორიკოსი, პროფესორი): რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა საქართველოზე ამას წერს. იქ კრიტიკული წერილებიც წაგვიკითხავს, რომელსაც ქართული საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყოლია. ახლა კი გარკვეული შემობრუნება გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში გარკვეული ვაკუუმი იყო. ეს მასალა კი ამ ურთიერთობის ერთგვარი წახალისება და დადებითი მომენტია. ამას უნდა მივესალმოთ.

სხვათა შორის, მე კრიტიკასაც მივესალმები, თუკი ის სამართლიანი და ჭეშმარიტია. მთავარია, ლანძღვა არ იყოს. მაგალითად, ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს საქართველოს წინააღმდეგ აშკარად ტენდენციური გამოსვლები აქვს. მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. ეს ნამდვილად სამწუხაროა.

შეფასება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, შესაძლოა, ცოტა გადაჭარბებულადაც ჟღერდეს, მაგრამ აშშ-ს წამყვანი გაზეთი ამას რომ წერს, ე.ი. ამ მიმართულებით წინ წავიწიეთ. ეს ბევრსაც გვავალებს.

 იური მეჩითოვი  (ფოტოხელოვანი): შეიძლება "ვაშინგტონ პოსტმა" ეს მართლაც ჩათვალა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს შემოსავალი აქვს. როგორ შეიძლება ქვეყანა დემოკრატიული იყოს მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია?

დემოკრატიას თავისი პარამეტრები აქვს და მე მგონი, ჩვენ ამ პარამეტრებს არ ვაკმაყოფილებთ. შეიძლება ვიღაცასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ დემოკრატიული მაინც ხმამაღალი განაცხადია.

 

 ელდარ პირმისაშვილი (საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი):  გიონს და ჩვენს მეზობლებს თუ გადავავლებთ თვალს, მათ ფონზე ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყნად ვითვლებით. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიულ და პროგრესულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

 

 

 ჯემალ მებონია (პროფესორი, ფიზიკოსი): რატომაც არა, ნამდვილად მაქვს განცდა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ. ვეთანხმები "ვაშინგტონ პოსტს", რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე დემოკრატიული და პროგრესული სახელმწიფოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×