გვანცა ღვედაშვილი
27.01.2016

დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებამ ბოლო დღეებში ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა. გუშინ დღის განმავლობაში ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.55 ლარს მიაღწია.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, გუშინ ერთი დოლარის ღირებულება 2.4984 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს.

"ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადასახდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადი არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა - ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - განაცხადა ქადაგიძემ.

გარე ფაქტორებს აბრალებენ მიმდინარე მოვლენებს მთავრობის წევრები და უმრავლესობის წევრი დეპუტატები.

ეთანხმებით აზრს, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებმა გამოიწვია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. გარე ფაქტორები ალბათ მხოლოდ 40%-ით მოქმედებს, დანარჩენი ამათი არაპროფესიონალიზმის ბრალია, უფრო ცუდი შეფასება არ მინდა მივცე. საკმაოდ ცუდი მთავრობა გვყავს, მთელი პასუხისმგებლობა ამ უსახურ მთავრობას ეკისრება, რომელთა მმართველობა სამარცხვინოა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში.

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):  გარე ფაქტორები, რა თქმა უნდა, მოქმედებს. მთელ მსოფლიოში ახლა არაერთი გამოწვევაა - ჩინეთის ბირჟა დაეცა. ბევრი ფაქტორია. მარტო ჩვენი ქვეყნის ვალუტა არ ეცემა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ესეთი რამე ემართებათ, ამიტომ ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე ჩვენ რომ უფრო ძლიერი ეკონომიკა გვქონოდა, ასეთი ყოველდღიური ვარდნა არ გვექნებოდა.

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის გარე ფაქტორი. მე როგორც ვიცი, ჩვენს მეზობელ რესპუბლიკებშიც მძიმე მდგომარეობაა. ნავთობის გაიაფებამ ყველა ქვეყანაზე იმოქმედა. მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ როგორც ვკითხულობ, მჯერა იმის, რომ გარე ფაქტორები წამყვანია. რა თქმა უნდა, ჩვენს მთავრობასაც ეკუთვნის მეტი ყურადღება, მეტად მომზადებულნი უნდა იყვნენ და წინასწარ მიიღონ ზომები, რათა სრულად არ აყვნენ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება.

 

 ზურა ვადაჭკორია (ილუზიონისტი):  რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებიდან მოდის ლარის გაუფასურება. როგორ ფიქრობთ, მარტო ჩვენთან ხდება ასე? ყველგან ასეა. ბაქოში ამდენი ნავთობი აქვთ, გაზი აქვთ და იქ ერთ დღეში 50%-ით გაუფასურდა ფული. ყველგან ასეა. ჩვენ თუ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, მაშინ გარე ფაქტორები ჩვენზეც იმოქმედებს. თუ ცალკე ვართ ყველასგან, იუპიტერზე ან მარსზე, მაშინ ნამდვილად არ იმოქმედებს არაფერი.

მაგალითად, კომუნისტების დროს მანეთი არ უფასურდებოდა, რადგან მაშინ რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული და საერთოდ მოწყვეტილნი ვიყავით დანარჩენ სამყაროს და დოლარი რა იყო, ისიც კი არ იცოდა არავინ. იყო მანეთი და მეტი არაფერი. ახლა რადგან გვაქვს პრეტენზია, რომ გვინდა შევიდეთ ნატოსა და ევროკავშირში, მაშინ ესეც უნდა ავიტანოთ.

რაც ხდება სხვა ქვეყნებსა და რესპუბლიკებში, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველა იმას ცდილობს, რომ დოლარი გამყარდეს. რა შუაშია მთავრობა, მათი ბრალი არაფერი არ არის. თუ ჩვენ მივებით დოლარს და დოლარით ვსაზღვრავთ ყველაფერს, მაშინ ესეც უნდა ავიტანოთ, რომ დოლარი მყარდება და ამასთან ლარი და სხვა ფული უფასურდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×