ნინო ქეთელაური
26.01.2016

სპეცუბნებს ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე გააკეთა.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა საარჩევნო გარემოს კუთხით, რომლის შესახებაც თქვენ იცით. დამატებით, ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ ასევე ის, რომ სპეცუბნებს, როგორც ასეთს, ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკეთა, რომელიც იმედოვნებს, რომ პარლამენტი კანონპროექტს თებერვლიდან უყრის კენჭს.

"იმ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, საგარეჯოში მიმდინარე არჩევნების პარალელურად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განგვეხორციელებინა საკანონმდებლო რეფორმა. ამ მუშაობის შედეგი პრემიერ-მინისტრმა დღეს ინტერპარტიულ ჯგუფს წარუდგინა.

მათ გადაეცათ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ არჩევნებზე უკვე არცერთ სამინისტროს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს, აღარ ექნება უფლება, თავისი შეხედულებისამებრ შექმნას სპეცუბნები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორ ფიქრობთ, უნდა გაუქმდეს თუ არა სპეცუბნები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ნამდვიალად მივესალმები დემოკრატიული და ობიექტური არჩევნების ჩატარებისთვის განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას. იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში არანაირი მითქმა-მოთქმა არ იყოს, ამ კუთხით გადადგმული ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება მისასალმებელია."

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "როგორც წესი, სპეცუბნები გაყალბების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მისი გაუქმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.

თუმცა იმედია, ეს გადაწყვეტილება გარდაბნის არჩევნებსაც შეეხება, რადგან თუ ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ არჩევნებში სამინისტროს გამოყენება არ შეიძლება, მაშინ კარგი იქნებოდა, ეს ცვლილება ახლავე ყოფილიყო შეტანილი, რათა გარდაბნის არჩევნებიც ობიექტურად ჩატარდეს.

თუმცა, მე ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ისევ რჩება უმთავრეს საკითხად, რასაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეწინააღმდეგება და გაუგებარი მიზეზით აპირებს ამ საკითხის გადავადებას."

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "სპეცუბნები უნდა გაუქმდეს. მე ვფიქრობ, სპეცუბნები მხოლოდ პროპორციული წესით არჩევის დროს შეიძლება იყოს დასაშვები, ხოლო მაჟორიტარულზე, აუცილებლად უნდა გაუქმდეს."

 

 

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "ჩემი თაობის ხალხზე ძალიან ბევრმა არჩევნებმა გადაიარა. ყველა, ვინც კი არჩევნებს ატარებდა, რაღაც ახალს იტყოდა ხოლმე. ყველა ხელისუფლებას თავისი ხედვა აქვს. პრემიერი არის ძალიან კარგი პიროვნება, ღირსეული ქართველი, კარგი ოჯახის შვილი და მე მგონია, რომ მან ჩემზე მეტი მაინც იცის ამ საარჩევნო ამბებში. რადგან ასე ფიქრობს, ესე იგი ასეა საჭირო."

 

 ნინო ლაპიაშვილი ( ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი ნაბიჯია, რადგან ყველა არჩევნების პერიოდში განსაკუთრებულ ეჭვებს სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცესი იწვევდა ხოლმე.

იმედია, ეს მხოლოდ რიტორიკად არ დარჩება, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რაც მოხდა საგარეჯოს არჩევნებზე, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა. თუ ეს ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდება, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×