ნინო ქეთელაური
25.01.2016

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, შესაძლოა, ვაკანტური აღმოჩნდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც სპორტის სამინისტროს. ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზნმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა, რომლიც აღნიშნავს, რომ მისთვის წარმოუდგენელია კახა ცხადაძისთვის პოსტის შენარჩუნება.

"მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია! სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა კობიაშვილმა.

უნდა დარჩეს თუ არა კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელად? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): "ძალიან არ მომწონს რაც ფედერაციაში ხდება. ეს ხელის გრეხვები საშინელებაა. მოქმედი კონტრაქტი აქვს ადამიანს და ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს. იმაზეც არ არის საუბარი მის ხელში რა შეძლო გუნდმა, ან ვერ შეძლო, მას აქვს მოქმედი კონტრაქტი, რომლის მიხდვითაც დაგეგმა საკუთარი ცხოვრება. ხელმძღვანელობა შეიცვალა ახლა ვიღაც ცდილობს, რომ მის ადგილზე მოიყვანოს სხვა. მე ვფიქრობ, ეს ამბავია აქ და მეტი არაფერი, რაც ძალიან არ მომწონს. არაჯანსაღია ეს ყველაფერი."

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი):  "ჯერჯერობით კახამ ვერ მოახერხა, რომ თავი წარმოეჩინა განსაკუთრებულ ფენომენად, როგორც მწვრთნელს. ამის დროც არ ჰქონდა. ის რომ ყოფილიყო წარმატებული მწვრთნელი, გული დამწყდებოდა, მაგრამ მე არ ვიცი, როგორ შედგებოდა ის, როგორც მწვრთნელი. მე ის ვიცი, რომ კოლოსალურ თანხებს იღებენ მწვრთნელები. ჯერ საქმე უნდა ანახონ მწვრთნელებმა და შემდეგ უნდა მიიღონ მაღალი ჰონორარები. რა გახდა ეს ჰონორარების თემა."

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი):  "მე საკმაოდ მჭიდრო კავშირი მაქვს ფეხბურთთან და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრით ხდება გაწმენდა. ეს ხელფასის დაკლებაც, ალბათ, ფეხბურთის ფედერაციიდან გარკვეული ადამიანების გაშვებას უკავშირდება. მაგრამ არსებობს ხელშეკრულებაც, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა.

"ეს ძალიან ძლიერი დარტყმაა იმ ფეხბურთელებისთვის, ვისი მობილიზებაც ამ ადამიანმა შეძლო. არ შეიძლება ასე ერთპიროვნულად მოასუფთაო ის სივრცე, სადაც მოხვედი, თუ მოგიყვანეს."

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "მე ევფიქრობ, რომ ცხადაძე უნდა დარჩეს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმიტომ, რომ მან უკვე გამოავლინა ძალიან კარგი შესაძლებლობები, მონაცემები, გუნდი შეიკრა, ყველა ფეხბურთელი კმაყოფილია. ვიღაცას ახლა არ აწყობს კახა ცხადაძე, რომელმაც თავისი ხელფასის 25%-ზეც კი თქვა უარი და არის საკმაოდ კვალიფიციური.

"იმის გამო, რომ ვიღაცას სურს თავისი კადრის აყვანა და ამიტომ ცხადაძის მოშორება უნდა, ეს არის ქართული ძმაბიჭობის და ნათესაობის სინდრომი, რომელიც ვერაფრით მოისპო. ამის გამო ზარალდება ყველაფერი.

"სამწუხაროა ის, რომ კობიაშვილი, რომლის იმედიც ყველას გვქონდა, თვის სიმაღლეზე ვერ დგას და უკვე გამოავლინა სისუსტეები, მათ შორის სპორტის მინისტრთან მიმართებაში და ვერ იცავს სათანადოდ ცხადაძეს ისე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა დაიცვას მწვრთნელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაცია თავის სიმაღლეზე ვერ იქნება და ხშირად იმოქმედებს სხვისი კარნახით."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×