თიკო ოსმანოვა
21.01.2016

საქართველოს საკითხი დასავლეთის დღის წესრიგში აღარ დგას და ამის მიზეზი ხელისუფლების პასიური საგარეო პოლიტიკაა, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად დანგრეულია და აღარ არსებობს.

"საქართველო დასავლეთის დღის წესრიგში თითქმის არ ფიგურირებს. ამის მიზეზია ის, რომ, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას აქტიური საგარეო პოლიტიკა არ აქვს. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის დანგრეული და განადგურებულია. შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო აღარ ფიგურირებს... სამწუხაროდ, ჩვენზე აღარსად ლაპარაკობენ, დასავლურ პრესას თუ გადახედავთ, ჩვენზე კარგი არაფერი იწერება. ჩვენი ქვეყანა რადარებიდანაა გამქრალი და ეს ჩვენი მთავრობის არაადეკვატური მუშაობის შედეგია", - განუცხადა "ინტერპრესნიუს" სალომე სამადაშვილმა.

მართლა პასიურია თუ არა ხელისუფლება საგარეო ფლანგზე? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): თუ ახალ მთავრობაზეა საუბარი, ჯერჯერობით არ შეიმჩნევა განსაკუთრებული აქტიურობა არც ერთ სფეროში. ვურჩევდი, რომ ცოტა დააჩქარონ და იმოქმედონ, იმიტომ რომ მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი იქნება უმძიმესი, დაძაბული კონფლიქტური, წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი. ძალიან ბევრი მინისტრი სავარძლის გარეშე დარჩება. ამიტომ მოვუწოდებ არა მარტო საგარეოში, არამედ ყველა სფეროში გააქტიურდნენ, სანამ ზომიერად სტაბილური თვებია.

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  მეთოდურად ნელ-ნელა აკეთებენ იმას, რაც საჭიროა. პასიურობა არ შეიმჩნევა, თუმცა არ არიან რადიკალურები, რაც, ჩემი აზრით, მოსაწონია.

 

 

 

 გია როინიშვილი (მსახიობი): უნიათო მთავრობაა და სუსტად მუშაობენ. ამიტომ ვურჩევ, უფრო მეტად მოუსმინონ ოპოზიციას და ის რჩევები, რომელსაც ისინი აძლევენ, გაითვალისწინონ. ქვეყანაზეა საუბარი და არა ერთ ან მეორე მთავრობაზე. ფაქტია, ყველაფერი უკანაა წასული.

არ ვიცი, რა იქნება. ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ისე, ძალიან დიდი გაჭირვებაა ქვეყანაში. წინსვლის ნაცვლად არა მარტო საგარეოში, თითქმის ყველა სფეროში ქვეყანა უკან წავიდა.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  პასიურს ვერ ვიტყვი, თუმცა რაღაც-რაღაცებში, მაგალითად, საგარეო სფეროში, აქტიურებიც არ არიან. რასაც აკეთებენ, იმის სათანადო პიარსაც კი ვერ აკეთებენ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა გააკეთეს.

 

 

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): პასიურობისა რა გითხრათ, თუმცა ვფიქრობ, საგარეო პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლება გაცილებით უფრო ელასტიკურად იქცევა, ვიდრე წინა ხელისუფლება. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებები საგარეო ფლანგზე იმდენად ხისტი იყო, რომ ქვეყანას ბევრი უსიამოვნება შეხვდა, თუნდაც 2008 წლის აგვსიტოს ომი გავიხსენოთ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ის ელასტიკური პოლიტიკა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება ატარებს, გაცილებით საინტერესოა და საქართველოსთვის უფრო მეტის მომცემი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×