ელზა პაპოშვილი
20.01.2016

საპარალმენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის დროსაა დანიშნული თუ ირაკლი ღარიბაშვილის.

"ვიღაც ამ საკითხს საგანგებოდ ბერავს, თითქოსდა მთავრობაში არსებობენ ირაკლი ღარიბაშვილის კადრები, ბიძინა ივანიშვილის კადრები და გიორგი კვირიკაშვილის კადრები. გიდასტურებთ იმას, რომ საკადრო შემადგენლობა არის საერთო, ეს არის ერთი გუნდი და არ არის დაყოფილი. ეს არა თუ მცდარი შეხედულებაა, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ მოტივაციასაც ატარებს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, მთავრობა, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა მინისტრებმა დატოვონ. ამ კონტექტში მოიაზრებიან შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად ითვლებიან კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძე.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა "ქართული ოცნება" ნამდვილად ერთი გუნდი? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" მთლად ერთიანი გუნდი არ არის. ამის ნათელ მაგალითს კი "რესპუბლიკელები" წარმოადგენენ, რომელთაც თავიანთი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ყოველთვის განსახვავებული მოსაზრება აქვთ. ამიტომაც საზოგადოებას მუდმივად იმის განცდა აქვს, რომ ეს ხალხი კოალიციის ნაწილს არ წარმოადგენს. შეიძლება ხალხის თვალში ცდილობენ, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ, მაგრამ ამის მიუხედავად "რესპუბლიკელებისა" და კოალიციის სხვა წევრების განსხვავებული პოზიცია ყოველთვის თვალში საცემია.

 ქეთი ბექაური (იურისტი):  მართალია, მე პოლიტიკაში ჩახედული ადამიანი არ ვარ, მაგრამ გარედან მაყურებლის თვალით ვხედავ, რომ ეს ერთიანი გუნდია. მათ შორის ვერანაირ დაპირისპირებას ვერ ვხედავ. მგონია, რომ ამ გუნდის დაყოფის საშიშროება არ არსებობს. 4 წელია, ერთად მოდიან და ვფიქრობ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობას ერთად მიიღებენ. ვოლსკის განცხადება ჩემთვის სარწმუნოა და ვფიქრობ, რომ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "ქართული ოცნება" ერთიანი გუნდი კი არა, საერთოდ მგონია, რომ კოალიცია დაშლის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მგონია, რომ ეს კოალიცია ხალხის თვალწინ მარტივ მამრავლებლად იშლება. ვშიშობ, წინასაარჩევნოდ ერთიანობის შენარჩუნება ამ ხალხს დიდ ვაი-ვაგლახით მოუწევს. ამ შემთხვევაში რესპუბლიკურ პარტიას ვგულისხმობ, რომელიც ცოტა არ იყოს, მგონია, რომ კოალიციის ზოგიერთ წევრს ძალიან ყელზე ადგას.

 იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  რა თქმა უნდა, კოალიციაში სხვადასხვა ჯგუფი არსებობს. ლოგიკურია, რომ ზოგი ივანიშვილის მიყვანილია და ზოგიც ღარიბაშვილის. საქმე ისაა, რომ ყველა კოალიციაში, სადაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, ცალკე ჯგუფებად დაყოფა იქნება. მაგრამ საჭირო ვითარებაში, ყოველთვის ხდება, რომ ისინი ერთიანდებიან და ცდილობენ ერთ გუნდად ჩამოყალიბებას. "ქართული ოცნების" შემთხვევაშიც ასე ხდება. ვოლსკი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ერთი გუნდია. ისინი წინასაარჩევნოდ ყველანაირად ეცდებიან, ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ, რადგანაც სხვანაირად არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×