ნინო ქეთელაური
18.01.2016

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პროკურატურისგან ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ყველა მასალის გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ალეკო ელისაშვილი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2", "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი ერთობლივად მოქმედებენ.

"ბოლო პერიოდში ვხედავთ კონკრეტულ ფაქტებს და ქმედებებს, რომ იქმნება ყალბი გვერდები სოციალურ ქსელში, იქმნება ხელოვნურად, ერთჯერადად, ცრუ ჩვენებების ფონის შესაქმნელად, ცილისწამებისთვის.

"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, გამოიკვლიოს, ვის მიერ, როდის და რატომ შეიქმნა ეს გვერდები და არის თუ არა კავშირი სცენართან, რომელზეც უკვე ვისაუბრე. მე მინდა, ასევე, პროკურატურამ გაასაჯაროვოს უმოკლეს ვადაში ყველა ის მასალა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო. ნახავთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი ტყუილები და მე მინდა, რომ ყველა დოკუმენტი გახდეს საჯარო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროკურატურამ ე.წ შეწყალების საქმესთან დაკავშირებული მასალები უნდა გაასაჯაროვოს თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის მასალა, რაც აქვს ელისაშვილს, რაც აქვს ბესელიას... დავიღალეთ ხალხი ამდენი ნერვიულობით და იმაზე ფიქრით, რა არის მართალი და ტყუილი.

როდემდე უნდა ვიმარჩიელოთ?! ჩვენ ხომ აღარ ვართ იმ ჩაკეტილ ქვეყანაში, სადაც ადრე ვიყავით. ჩვენ დღეს ვართ დემოკრატიულ, ევროპისკენ მიმავალ ქვეყანაში და ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს."

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "კარგი იქნება, თუ ყველაფერი გამჭვირვალე გახდება, მაგრამ არ მგონია, ეს იმ ფორმით გასაჯაროვდეს, რომ უბრალო მოქალაქეებმა შევიტყოთ, რა მოხდა სინამდვილეში. ძალიან საეჭვოდ ჩაიხლართა საქმე. ვნახოთ, პროკურატურა როგორ გამოეხმაურება, რა დოზით გასაჯაროვდება მასალები და ამის მერე შეგვეძლება მსჯელობა იმაზე, შემდეგ რა მოხდება."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "გააჩნია, რა მასალებია, თუ გასაჯაროვების დროს ვინმეს უფლება არ დაირღვევა - კი, ბატონო. ეს ძალიან საფრთხილო თემაა. საჯაროობის წინააღმდეგი მე არ ვარ, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს.

საერთოდ, ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და თავად ელისაშვილიც ამას ითხოვს, როგორც ვიცი. თავიდანვე რომ ყოფილიყო ყველაფერი გამჭვირვალე, ამდენი სალაპარაკოც არ გახდებოდა და ასე არ გაილანძღებოდნენ ადამიანები.

მე იმის უფლებაც არ მაქვს, რომ ვინმეს სიმართლეში ეჭვი შევიტანო, იმიტომ, რომ საზოგადოება მოკლებული ვართ ინფორმაციას. მასალები უნდა გასაჯაროვდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს ვინმეს ზიანს არ მოუტანს. ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული."

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "რა თქმა უნდა, უნდა გასაჯაროვდეს იმიტომ, რომ ამ მასალების ნაწილი ისედაც გასაჯაროვებულია. მაგალითად, მარგველაშვილის სიძესთან, ცოლის ძმასთან, ჩაჩუას სიძისა და მის მეგობრებთან დაკავშირებული ამბები.

ასევე, ისეთი მასალები, როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები და არავინ იცის, რატომ არ შეიწყალა უფრო მსუბუქი დანაშაულები.

ოჯახურ ბიზნესად რომ იქცა შეწყალება, ეს რატომაც არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოტანილი? იქნებ სწორედ ამას გაურბოდა ალეკო ელისაშვილი? ხომ არ იცოდა, რომ მის წინააღმდეგ უკვე აღძრული იყო პროკურატურაში საქმე, შეტევას დაასწრო და თავად გადავიდა თავდასხმაზე, რომ ჩაიფარცხოს ის სერიოზული პრობლემები, რაც შეწყალების კომისიაში იყო?!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×