ნინო ქეთელაური
10.12.2015

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. აღნიშნული ფაქტი თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.

"რუსულმა ვერტმფრენმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გაბრუნდა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს.

"აღნიშნული საკითხი განხილული იქნება ოთხმხრივ შეხვედრაზე", - აღნიშნეს უწყებაში.

საჰაერო სივრცის დარღვევაზე, რა რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველოს მთავრობამ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლაშა ჩხარტიშვილი  (დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): "რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ფაქტია. საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა და სხვა უწყებების მუშაობა საერთაშირისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით, უფრო მეტად გააძლიეროს და აღნიშნული ფაქტი, გაეროს, ეუთოს თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების შეფასებების გარეშე არ დარჩეს.

ეს არის ის ძირითადი მიმართულები, სადაც იმაზე მეტად უნდა იყოს ძალისხმევა გაძლირებული, ვიდრე ახლა არის".

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "როდესაც, სხვა სახელმწიფოს საბრძოლო საფრენი აპარატი არღვევს შენს სასაზღვრო სივრცეს, აქ ერთი რეაგირება შეიძლება ჰქონდეს ღირსეულ მთავრობას, ის რაც გააკეთა თურქეთმა.

ყოველ შემთხვევაში გაფრთხილება მაინც უნდა გააკეთო მტრული სახელმწიფოს მიმართ. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ მოახდენს, დარჩება ყველაფერი ისე, როგორც აქამდე იყო და გაგრძელდება ისევ ის დაფარული მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს აბაშიძე-კარასინს შორის. ამიტომ, ამ ხელისუფლებისგან არანაირ რეაქციას არ ველი".

 ვასილ მაღლაფერიძე (პულიცისტი): "მე ამ საკითხში არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ალბათ, საპროტესტო ნოტა უნდა გააგზავნოს და საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩააყენოს საქმის კურსში".

 

 

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "უნდა გამოვთქვათ პროტესტი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში. ცხადია, ვერტმფენს ვერ ჩამოვაგდებთ, რადგან ჩვენს გამო ხელს არავინ გაანძრევს. ისევ უნდა ვიცადოთ და დიპლომატიური გზებით გამოვთქვათ პროტესტი. ერთადერთი ნუგეში დიპლომატიაა".

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): "ბუნებრივია, ძალების დემონსტრირებას ვერ დაიწყებს და ვერტმფრენის ჩამოგდებას ვერ მოახდენს. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებას უნდა მიმართოს და მოსთხოვოს ახსნა-განმარტება, თუ რატომ მოხდა დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის საზღვრის დარღვევა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×