თეა ბეჟიტაშვილი
10.09.2015

ტელეკომპანია "იმედი" გადაცემა "რეაქციის" მთელმა შემადგენლობამ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, "რეაქციის" თანამშრომლებს სხვადასხვა გადაცემაში დასაქმებას ბოლო დღემდე სთავაზობდნენ.

ამას გარდა, როგორც უკვე ცნობილია, "რეაქციის" გარდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხურება ეკა მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდია", რისი მიზეზიც წამყვანის "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე გათხოვება გახდა.

კიდევ ერთი გადაცემა, რომელიც ახალი სეზონისთვის დაიხურა, ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის "კვირის20/30"-ია, რომლის ყოფილი წამყვანის არჩილ გამზარდიას თქმით, გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება ერთსა და იმავე ჯგუფში მომზადდა.

ამგვარი დამთხვევა ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის გაკონტროლებას ცდილობს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "ეს რომ ასე არ არის, იქიდან ჩანს, რომ მთავრობამ საკუთარი ტელევიზია - "მეცხრე არხი" დახურა. მე ჟურნალისტებს ცუდად არ ვიხსენიებ, მაგრამ ინგა გრიგოლიამ ნახოს ის გადაცემა, სადაც სტუმრად ლუკა კურტანიძე ჰყავდა და მიხვდება, რატომ გაუჩნდათ ტელევიზიის მუშაკებს მისი გაშვების აზრი. პროკურორად მოგვევლინა და კაცი დაკითხვაზე ჰყავდა მიყვანილი.

"რა შუაშია აქ ხელისუფლება?! მათ არ შეუძლიათ თავიანთი არხების გახსნა?! ახლა რომ მედია თავისუფალია, ასე არასდროს ყოფილა და მეორე - ჟურნალისტებმა საკუთარ თავში ჩაიხედონ, ისინი ბოლოს პროკურორები გახდნენ."

 ქეთი ბექაური (ადვოკატი): "შემიძლია მხოლოდ მომხდარი ფაქტი შევაფასო და თავისთავად ნეგატიურ შეფასებას მივცემ. არ ვიცი კონკრეტულად ვინ გადაწყვიტა, მაგრამ ვიზუალურად რაც ჩანს, მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს და სამართლიან შეშფოთებასაც იწვევს."

 

 

 

 ნინო ლაპიაშვილი  ("სუფთა პოლიტიკის წრე"): "იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები მოახლოებულია და მედიაზე ზეწოლა ხელისუფლებას უკვე ერთი წელია ჯაჭვურ რეაქციასავით აქვს დაწყებული, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს ასეა. ამ გადაცემის წამყვანები და ავტორები ამ ეჭვებს გამოხატავენ. მხედველობაში მისაღებია ყველა ის ფაქტი, რაც მოხდა, შეგვიძლია ერთიანი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს არის ზეწოლა. "ხელისუფლებისთვის ეს რამდენად კარგად დამთავრდება - მეორე საკითხია. იქ, სადაც ხელი მიუწვდებათ, თავისუფლად აკეთებენ თავიანთ საქმეს. სადაც არ მიუწვდებათ, მაგალითად "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, სხვა მეთოდებს მიმართეს. საბოლოო ჯამში, ასეთი ქმედებები ადრე თუ გვიან ხელისუფლებისთვის ცუდად მთავრდება ხოლმე."

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "პროფესიონალმა ჟურნალისტმა, როგორიც არის ინგა გრიგოლია, განაცხადა, რომ ეჭვი აქვთ ხელისუფლებაზე, რაც საფუძვლიანია. ოკუპირებულ ქვეყანაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავმოყვარე მედიასაშუალებას ერთი კი არა, რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, რომ მრავალი პოლიტიკუირ თოქ-შოუ არსებობდეს. "რა შუაშია გრიგოლია და მიშველაძე, თავად ხალხმა თქვა - იმიტომ ხომ არ დაიხურა, რომ ხალხის ხმა ისმოდა ამ პოლიტიკურ თოქ-შოუებშიო?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×