ლიკა ამირაშვილი
09.09.2015

ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი აქტიურ ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენა გამოწვეულია მის მიმართ დიდი პატივისცემით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონაწილე არ არის.

"მე მირჩევნია კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში. მირჩევნია და ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი ქართულ აქტიურ პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო იყო, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებაში უნახავს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს გავლენა, მის მიმართ არის დიდი პატივისცემა, ძალიან ნორმალურია, ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება, სადაც არსებობენ გავლენიანი ადამიანები," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება.

"ბიძინა ივანიშვილი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ არის თანამონაწილე გადაწყვეტილების მიღების პროცესის. მან ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება, რადგან ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის იქნებოდა იდეალური, ის იყოს დღეს ხელისუფლებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის გადაწყვეტილების პროცესის თანამონაწილე," - განაცხადა ხიდაშელმა.

მხარს უჭერთ თუ არა თინა ხიდაშელის ამ სურვილს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცონდე): როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მესმოდა რატომ, მაგრამ ახლა ისეთი კრიტიკული სიტუაციაა, რომ უმჯობესია დაბრუნდეს. მესმის, რომ დიდი პასუხიმგებლობაა, მაგრამ ამ კაცმა თავის დროზე პასუხისმგებლობა აიღო და საჭიროა, რომ ეს ბოლომდე მიიყვანოს. ჩემი აზრით, მისი პოლიტიკაში დაბრუნება კარგი იქნებოდა.

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს. ამას ყველას მაინც მას აწერს და სჯობს პოლიტიკაში ოფიციალურად იყოს და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა ოფიციალურად მიიღოს. ეს უფრო სწორი იქნება, ვიდრე ახლა რა მდგომარეობაც არის.

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა სადაც არის, იქ უნდა იყოს, რადგან გენიალურ საქმეებს აკეთებს ანუ მონაწილეობს ქველმოქმედებაში, რაც მისთვის ყველაზე კარგია. ქველმოქმედება პოპულარობისა და წარმატების ფაქტორია. პოლიტიკა კი მისთვის დამანგრეველია. ის პოლიტიკიდან უბრალოდ არ წასულა, აქედან გამომდინარე განვითარების მხრივ პოლიტიკა მისთვის სასურველი გზა არ არის. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შეცდომები დაუშვა, რომელიც თვითონვე აღიარა, მათ შორის საკადროც. რა გარანტია გვაქვს, რომ დაბრუნების შემთხვევაში შეცდომებს ისევ არ დაუშვებს?

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ვემხრობი იმიტომ, რომ იმ გუნდის ყველა ქმედებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა, პასუხისმგებლობა მაინც მას ეკისრება. რეალურად ნებისმიერი ამომრჩეველი იტყვის, რომ 2012 წელს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და რა დაპირებებიც გასცა, ძირითადი პასუხიმგებლობა მას ეკისრება. მისი პოლიტიკაში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×