გვანცა ღვედაშვილი
08.09.2015

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოში არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ ისაუბრა. როგორც თავად განაცხადა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი კითხვა დაუსვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

"მე სამი კითხვა დავუსვი ყოფილ პრემიერს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. საქართველოსთვის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლეგიტიმური მოლოდინი იქნებოდა. ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანაში ვსვამდი ამ შეკითხვებს: "სუნთქავთ თავისუფლად?" "გაქვთ სივრცე მუშაობისთვის?", ეს არის საუკეთესო გზა პროგრესის შეფასებისთვის", - განაცხადა ფულემ.

მისივე თქმით პრობლემა არა კითხვების მუდმივად არსებობა და დასმაა, არამედ ის არის, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ყველა წევრი არ პასუხობს ამ კითხვებს.

საერთაშორისო კომფერენციაზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, კონტრშეკითხვით უპასუხა:

"ფორმალურ ხელმძღვანელობას რაც შეეხება, მე კითხვის ნიშანს დავსვამდი არაფორმალური ლიდერის ზეგავლენის ხარისხზე. ფორმალური დიქტატურა სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი?"

მისივე თქმით, იგი არ არის მომხრე არაფორმალური ლიდერისა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ არის საქართველოს მთავარი პრობლემა.

"არაფორმალური ლიდერობა ცუდია, არ არის კარგი, მე არ ვუჭერ ამას მხარს. უბრალოდ, არის ადამიანი, ვისაც აქვს პატივისცემა და ზეგავლენა საზოგადოებაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის აზრი არ გაიზიარა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, მისი თქმით, საქართველოში პირველად ხდება, არაფორმალური ლიდერის მხრიდან სრული კონტროლი მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობაზე და ამავდროულად ნულოვანი ანგარიშვალდებულება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება 2016 წლის არჩევნები, რათა არაფორმალური მმართველობა საქართველოში შეიცვალოს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის, სერგი კაპანაზის აზრით, არაფორმალური მმართველობის შესახებ საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებიც ხმამაღლა საუბრობენ, როგორც კერძო, ასევე სხვადასხვა გამოსვლების დროს. ეს შეიძლება იყოს მიზეზი ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შეყოვნებისა.

არის თუ არა დღეს საქართველოში არაფორმალური მმართველობა და რა შედეგებს მოუტანს ეს ქვეყაას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "არავითარი არაფორმალური მმართველობა საქართველოსი არ არის. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოგდებული თემა. ჩვენ გვყავს მთავრობა, პარლამენტი და სწორედ ისინი მართავენ ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილმა მოაცილა ქვეყანას ჭირი "ნაციონალური მოძრაობის" სახით და ნურავის გაუკვირდება, თუ ის რჩევებს მისცემს მთავრობას, რათა უკეთ იმართოს ქვეყანა. ეს არის არა არაფორმალური მმართველობა, არამედ დახმარება და ამ კაცის კეთილი ნება."

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პროდუსერი):  "მთავრობა თავისუფალია გავლენებისგან. მაგრამ ადამიანებს ჰყავთ ისეთი პირები, რომლებისგანაც რჩევებს იღებენ და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას. მსგავსი კონტექსტით საუბარი აწყობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს."

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "არაფორმალურ მმართველობას ასე ხმამაღალა ვერ ვიტყვი, უფრო რჩევებს დავარქმევდი ამ ურთიერთობას მთავრობასა და ივანიშვილს შორის. მაგრამ, კონსულტაციები ყველა ქვეყნის მთავრობას აქვს კონკრეტულ ადამიანებთან. შესაძლოა, ამ შემთხვევაში იყოს ივანიშვილის გავლენა მთავრობაზე, რადგან ისინი ერთი პარტიაში იყვნენ, ერთად გამოიარეს ბევრი რამ. ამიტომ რაღაც მხრივ ალბათ ექნება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში და ყველა საკითხზე."

 

 ნატო გელაშვილი (მომღერალი):  "რა თქმა უნდა, არის ივანიშვილის გავლენა მთავრობაზე, ამას დიდი ცოდნა და განათლება არ სჭირდება. ჩემი აზრით, უმჯობესია ისეთი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც თავად მიიღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება ქვეყანა მართოს ერთმა ადამიანმა.

"მე მომსვლია შემთხვევა, როცა კონკრეტულ საკითხზე მივდივარ და ყველგან მეუბნებიან, რომ ვერ წყვეტენ იმ საკითხს, რაც მაინტერესებს და სხვაგან მგზავნიან, მაგრამ პასუხი ყველგან ერთია. საბოლოოდ კი ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ ვიგებ.

"ვფიქრობ, მეტი ნდობა უნდა იყოს თანაგუნდელების მიმართ, იგივე მინისტრად რომ ინიშნებიან ადამიანები, მათ უნდა მიეცეთ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×