გვანცა ღვედაშვილი
07.09.2015

საქრთველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთ გზად მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას მიიჩნევს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამბასადორიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც თითქმის იგივე განუცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმ პრაგმატული მიდგომისა, რომელიც აქვს ხელისუფლებას.

"რუსეთთან მიმართებაში ორი ფორმატია შესანარჩუნებელი. ერთია, ჟენევის ფორმატი, რომელიც პოლიტიკური დიალოგისთვის იქნება წამყვანი და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ძალის არგამოყენების შესახებ გარანტიის მიღება რუსეთის მხრიდან. ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აბაშიძე-კარასინის დიალოგი. მნიშვნელოვანია, ის ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში იხილება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად პრაგმატულ, თუმცა თანმიმდევრულ და არაკომპრომისულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე: (ფერმწერი): ხაზგასმით ვამბობ აბსულიტურად მიუღებელია ჩემთვის თავის დახრისა და დათმობის პოლიტიკა, მე ამას ანტიპოლიტიკას დავარქმევდი. მოგონილი ურთიერთობების დათბობა მხოლოდ რუსეთის იმპერიულ და კაკებეშნიკურ ამოცანებს ემსახურება. რუსეთი ძალიან მომგებიან სიტუაციაშია იმ გაურკვეველი პოზიციის გამო, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს.

"ხელისუფლებამ უნდა იხმაუროს, მუდმივ პრობლემად წარმოუდგინოს ევროპას ჩვენი და რუსეთის კონფლიქტი. ჩვენ უნდა ვიყოთ პრობლემა. თუ დასავლეთს პრობლემად არ დავუსახეთ ჩვენი თავი, არავინ მოგვაქცევს ყურადღებას. ჩუმად ყოფნით ვერაფერს გავაკეთებთ და ვერ მივაღწევთ."

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ხელისუფლების მიერ გადადგმული პატარა ნაბიჯები, რომლებიც გადადგეს რუსეთთან ურთიერთობისთვის, არასაკმარისია. არ შეიძლება არ გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობს.

"მგონი, ჯერ კიდევ ვერ გამოდიან წინა ხელისუფლების გავლენისგან. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის დათმობაც, მოლაპარაკებაც და კომპრომისიც და ყველაფერი. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება დათმობა."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ვერც ერთი ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს უკეთეს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. თქვენ ხედავთ წინა ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ რა შედეგი მოგვიტანა. ამ ხელისუფლების პოლიტიკა უფრო თავშეკავებული და პრაგმატულია.

"უკრაინას შევხედოთ, რომელსაც მხარდაჭერა გარკვეული ზღვარს იქით აღარ აქვს. ასე რომ, იმ მხარდაჭერის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლეთიდან, ამაზე უფრო ეფექტურ გზას ვერ აირჩევს ხელისუფლება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×