თეა ბეჟიტაშვილი
05.09.2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელიმე თოქ-შოუს დახურვა კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა. ბოლო პერიოდში რამდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის დახურვამ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ გადაცემების დახურვა მთავრობის გადაწყვეტილებაა და რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამი წლის განმავლობაში მედიაზე ზეწოლა არ ყოფილა და თოქ-შოუების დახურვა ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა.

"რაც უნდა ილაპარაკოთ თქვენ და ოპონენტებმა, ეს მხოლოდ საუბარია. შედეგი არის ის, რომ მედია არის თავისუფალი. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ზეწოლა ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა მთავრობის მხრიდან, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასებაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი აზრით, ერევა თუ არა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მე არ მეგულება ქვეყანა, როგორი დემოკრატიულიც უნდა იყოს, რომ გარკვეულწილად ხელისუფლებას არ ჰქონდეს მედიასთან ურთიერთობის რაღაც ფორმა. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენც არ ვიყოთ გამონაკლისი, მაგრამ ის, რომ მედიის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ყველაფრის უფლება ჰქონდეს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

"მედიის თავისუფლება გარკვეულ პასუხისმგებლობასაც უნდა გულისხმობდეს. პირადად მე ის თოქ-შოუები იმ სახით, როგორითაც იყო, გამოგიტყდებით და, არ მომწონს. თუმცა ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს და ეს მაინც საზოგადოებრივმა აზრმა უნდა დაარეგულიროს."

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): "ის, რომ ხელისუფლება ტელევიზიებს მართავს, არ ჩანს. რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას და მათ გადაწყვეტილებას, არ ვიცი, ამაში რამდენად ერევიან, მაგრამ რასაც ჰქვია ამა თუ იმ საკითხის ტენდენციური გაშუქება, ეს ტელევიზიას ნამდვილად არ ეტყობა."

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "თუ დავაკვირდებით და ამ ამბავში ოდნავ ღრმად ჩავიხედავთ, ადვილი გასარკვევია, ერევა თუ არა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში. დაიხურა გადაცემები, რომელთაც არხებზე, სადაც გადიოდა, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდათ, ან ხუთეულში მაინც შედიოდა. არ მგონია, რომელიმე კომერციულ ტელევიზიას, რომელიც რეკლამებზეა დამოკიდებული, მაღალრეიტინგული გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება მიეღო.

"აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ამდენი პოლიტიკური თოქ-შოუს ერთად დახურვა სწორედ ხელისუფლების დაკვეთაა და მათ დაკვეთას ასრულებენ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელები, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ხელისუფლებისადმი ლოიალურ განწყობაში. მე მგონი, ეს ეჭვი არცთუ ისე უსაფუძვლოა."

 გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): "მე ვფიქრობ, ხელისუფლება არ ერევა. ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადება ჩარევას არ ნიშნავს. სასურველია, თვითონ არხის ხელმძღვანელობა შეხვდეს დიპლომატიურ კორპუსს და აუხსნას აღნიშნული საკითხი არის თუ არა მედიაზე ზეწოლა. მე ვფიქრობ, არანაირი ზეწოლა არ არის.

"წინა რეჟიმისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება აზრის, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და მედიასტანდარტებს მაღლა წევს, რაც მისაღები და სასიამოვნოა. ის პრეტენზიები, რაც სხვადასხვა ფენიდან გვესმის, მხოლოდ თითიდან გამოწოვილი პრეტენზიებია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×