ლიკა ამირაშვილი
04.09.2015

თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი 3-4 თეთრით გაიზარდა - გადაწყვეტილება გუშინ სემეკმა მიიღო, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც იყო 5.480თ-კვტსთ, ამჟამად 11.173თ-კვტსთ გახდა, შესაბამისად მოიმატა დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფმა.

ელექტროენერგიის ტარიფმა პირველი აგვისტოდან რეგიონებში 3.95 თეთრით მოიმატა. ამ პროცესების შემდეგ ვარაუდი, რომ თბილისშიც მოიმატებდა დენის ტარიფი, გამართლდა.

ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, "თელასმა" კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ ტარიფის გაზრდის მიზეზად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და მისი გადაცემის ტარიფის გაზრდა დაასახელა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი 9.480 თეთრის ნაცვლად 12.980 თეთრი იქნება; 101კვტსთ-დან 301კვტსთ-ის ჩათვლით, 12.461 თეთრის ნაცვლად 16.992თეთღი იქნება; 301კვტსთ-დან და მეტი -17.698თეთრიდან 21.476 თეთრი გახდა.

ელოდებით თუ არა დენის ტარიფის მომატებასთან ერთად სხვა პროდუქტების გაძვირებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" მოსახლეობის ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "რა თქმა უნდა, დენის ტარიფის გაძვირება პროდუქციაზე ფასების მომატებას გამოიწვევს, თუ ასე არ მოხდა, მაშინ მისი ხარისხი აუცილებლად დაიკლებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ არსად დენს ისე უყაირათოდ არ ხარჯავენ, როგორც საქართველოში.

მოსახლეობას უფრო მეტი გაფრთხილება მოუწევს და უნდა ისწავლოს დენის ეკონომიურად ხმარება. დენის ტარიფის გაძვირება, პირველ რიგში, მოქმედებს საზოგადოების იმ ფენაზე, რომლის შემოსავალიც ძალზედ მცირეა".

 

 ლადო ვარდოსანიძე: (არქიტექტორ-ურბანისტი): "ვფიქრობ, ყველაფერს შეეხება ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება და ყველაფერი გაძვირდება. ჩემი აზრით, ყველა ასე ფიქრობს და, არ მგონია, განსხვავებული აზრი ვინმეს ჰქონდეს".

 

 

 თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): "სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არ მიფიქრია, თუმცა ძალიან სამწუხაროა და ეს ყველაფერი ძალიან დაეტყობა მოსახლეობას. იმედი მაქვს, ხელფასებიც გაიზრდება და საზოგადოებას შეუმსუბუქდება გაძვირებული ტარიფების გადახდა. ალბათ რაღაც სახეობის პროდუქტებზეც მოიმატებს ფასი".

 

 

 ნატო გელაშვილი (მომღერალი): "არაფერი აღარ მიკვირს. ყველაფერი გაძვირდა და ალბათ სხვა პროდუქტებიც მოიმატებს. ის მაინც გაგვაგებინონ, სადამდეა ზღვარი, ყველაფერი საკმარისად არის გაძვირებული და როგორ გაუძლებს მოსახლეობა ამას, არ ვიცი.

სიმართლე გითხრათ, ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ გეთქვათ, გაიაფდაო, თორემ, ყველაფერი ძვირდება. მთავრობა იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ფასებმა დაიკლოს. ესე არ შეიძლება, დროა უკვე, რომ ყველა დაფიქრდეს და რაღაც გამოსავალი ვეძიოთ ამ მდგომარეობიდან."

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "დენის ტარიფის მომატება მოსალოდნელი იყო და აღარ გამკვირვებია, მაგრამ ეს რომ ძალიან შეგვაწუხებს ზამთარში, ეს ფაქტია. დენის ტარიფის მომატება გამოიწვევს გაზის და წყლის გადასახადის მომატებასაც.

მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან წამგებიანია მთავრობისთვის, მთელი მოსახლეობისა და ქვეყნისთვის. მსგავსი პროცესების გაგრძელება გამოიწვევს მოსახლეობის მასობრივ გადინებას ქვეყნიდან.

მთავრობამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს მოსახლეობის ცხოვრების გამარტივებაზე და არა გართულებაზე, ეს ყველაფერი მაქსიმალურად შემოუტრიალდება ხელისუფლებას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×