გვანცა ღვედაშვილი
02.09.2015

გუშინ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომლის შესახებაც განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილის ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხოლო მის ადგილზე თბილისის ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა. სად გააგრძელებს მუშაობას საგარეო საქმეთა ექსმინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ამ საკითხის გადაწყვეტა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მიანდო.

როგორ აფასებთ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): პრემიერის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად ვაფასებ. ჩემი აზრით, გიორგი კვირიკაშვილი უფრო შეეფერება ამ საქმეს. მიმაჩნია, რომ იგი ახალ ხედვას შემოიტანს და ახალ მიდგომას განახორციელებს.

საქართველო არ შეიძლება იყოს ერთ მხარეზე მიჯაჭვული. ვფიქრობ, მისი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა წარმატებული იქნება, რადგანაც მას ეკონომიკასთან პირდაპირი კავშირი აქვს და პოლიტიკა ეკონომიკასთან გადაჯაჭვულია.

რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს, მას არ ვიცნობ და არ ვიცი მისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ რადგან ღარიბაშვილმა მას ნდობა გამოუცხადა, ალბათ სათანადოდ გაუძღვება ამ საქმეს და წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

 ირაკლი კაკაბაძე (მწერალი): სანამ ღარიბაშვილი არ გამოიცვლება, დადებითად მე ვერაფერს ვერ შევაფასებ. ღარიბაშვილი არის პოლიციური მაფიის მძევალი. ეს პოლიციური მაფია მართავს საქართველოს. პატარ-პატარა ცვლილებები და გადაადგილებები არანაირად არ არის ჩემთვის დადებითობის მაჩვენებელი.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ღარიბაშვილი არის პოლიციური რეჟიმის მძევალი, რომელიც მთლიანად აკონტროლებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე მთელ სოციალურ გარემოს და სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, მანამ ვერანაირ დადებითს მე ვერ დავინახავ.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): მიჭირს რაიმეს თქმა, არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, რადგან არ მაქვს მწყობრი, დალაგებული წარმოდგენა განვითარებულ მოვლენებზე. მაგრამ რადგან პრემიერ-მინისტრმა ასე გადაწყვიტა, ალბათ იმსახურებდნენ და ასე ასე იყო საჭირო.

აქამდე მათი საქმიანობის შესახებ განსაკუთრებული არაფერი გამიგია და როგორ გაუძღვებიან ისინი ახალ საქმიანობას, ამას დრო გვიჩვენებს.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  კარგია თუ მინისტრი, რომელიც გადადის სხვა სტრუქტურაში, საზოგადოებას ჩააბარებს ანგარიშს, თუ რა გაკეთდა და რა ცვლილებები განახორციელა იმ სფეროში, რომელშიც იმყოფებოდა.

ეკონომიკის ახლანდელ მინისტრს შევხვედრივარ და მგონია, რომ ენერგიული და მიზანდასახული ადამიანია. ვაპირებთ დავსვათ ურბანისტიკის დარგის გადატანის საკითხი ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რადგან ეს დარგი პირდაპირ ეკუთვნის ამ სამინისტროს. სწორედ ასეთი ცვლილებების განხორციელების შემდეგ შევძლებ შევაფასო სამთავრობო სფეროში განხორციელებული ცვლილებები დადებითად ან უარყოფითად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×