გვანცა ღვედაშვილი
01.09.2015

ტელეკომპანია "იმედმა" 2 პოლიტიკური გადაცემა "იმედის კვირა" და "რეაქცია" დახურა. როგორც ტელეკომპანია აცხადებს, თოქ-შოუების დახურვის მიზეზი გადაცემების არსებული ფორმატების შეცვლაა, მათ სურთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი შეიმუშაონ, რომელსაც მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებენ.

"იმედის" გადაწყვეტილებამ, როგორც გადაცემის ჟურნალისტებში, ისე საზოგადოებაში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ორივე გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იყო, რომლის აზრითაც, ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული თოქ-შოუების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რათა ის ეკრანზე არჩევნების წინ არ ყოფილიყო.

საპროტესტო აქცია გუშინ ტელეკომპანია "იმედის" წინ მოქალაქეებმა გამართეს. მათი აზრით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნიადაგზე არის მიღებული. აქციის მონაწილეები "იმედის კვირისა"და "რექაციის" ეთერში დაბრუნებას მოითხოვდნენ.

რა შეიძლება იყოს პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის მიზეზი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "ძალიან მიკვირს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, როგორც წესი, ტელევიზიები ზრუნავენ, რომ რეიტინგული გადაცემები ჰქონდეთ და ასე ერთდროულად ორი მაღალ რეიტინგული გადაცემის დახურვა ჩემთვის მოულოდნელი იყო.

მე არ ვიცი, რა ხდება კულუარებში, თუმცა, როცა ვუყურებდი ინგას გადაცემებს, ორივე პოლიტიკური მხარე თანაბრად შუქდებოდა და ძალიან მიკვირს, რა მოხდა და რა არის გადაცემების დახურვის რეალური მიზეზი, ალბათ იყო რაღაც ისეთი, რაც საზოგადოებამდე არ მივიდა."

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "მოვუსმინე ინგას გამოსვლას და გაოცებული ვარ, ყველა ტელეკომპანიას უნდა სურდეს მისნაირი პროფესიონალის არხზე ყოფნა და როცა მის 2 რეიტინგულ გადაცემას ერთ დღეში მოულოდნელად ხურავ, ვფიქრობ, რაღაც არ არის რიგზე.

ალბათ უფრო პოლიტიკური იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ერთ დღეს არხმა გადაწვიტოს, რომ აღარ სჭირდება პოლიტიკური თოქ-შოუები, ჩემთვის გაუგებარია.

რაც შეეხება ინგას, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ინგა არის ხალხის ხმა. ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად იყო და არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესში და რეალურად ამბობს ხალხის სათქმელს."

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): "ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ქვეყნის მმართველს არ მოეწონა, ემოციური, აგრესიული და კრიტიკული გადაცემა, მათ როგორც შეუძლიათ, მაქსიმალურად ცდილობენ მასმედია კონტროლის ქვეშ მოაქციონ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

 

 

 

 გივი სიხარულიძე  (მწერალი და მომღერალი): "მე არ მიყვარს ინგა გრიგოლია და არც მას არ ვუყვარვარ, მაგრამ რაც შეეხება მის პროფესიონალიზმს, ერთ-ერთი ძლიერი არის თავის სფეროში. ყველამ კარგად იცის, რომ ინგა გრიგოლია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი არის და აკეთებდა მათ საქმეს და სწორედ ამიტომ დაიხურა მისი გადაცემები.

ეტყობა, ძალიან გამოააშკარავა თავისი თავი, მაგრამ ვერ ვხდები, ამდენი ხანი რას ელოდებოდნენ, თუ საბოლოოდ ამ მიზეზით დახურავდნენ გადაცემებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×